ავსტრალიაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციამ 8 ნოემბრიდან დღემდე 183 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, მათგან 40 არასრულწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, 183 ადამიანიდან ნაწილმა მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, ნაწილს კი სისხლის სამართლის დანაშაულში დასდო ბრალი. ავსტრალიის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 47 ადამიანს ბრალი ედება სიგარეტის ნამწვების გაუფრთხილებლად გადაგდებაში, ხოლო 24 ადამიანს – ხანძრის განზრახ გაჩენაში.
ავსტრალიაში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. ხანძარი ავსტრალიის ყველა შტატს შეეხო, თუმცა განსაკუთრებული ზიანი ახალი სამხრეთ უელსის შტატს მიადგა.
ავსტრალიაში ხანძარი რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, მას შემდეგ კი, მცდელობის მიუხედავად, ცეცხლის ყველა კერის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისათვის დამწვარია დაახლოებით 73 ათასი კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი, მის უმრაველოსობას კი ტყეები და ნაციონალური პარკები შეადგენს.
სხვადასხვა მონაცემებით, ხანძარს ემსხვერპლა ტყეებში მცხოვრები ნახევარ მილიარდზე მეტი ცხოველი.
