ახალი ამბები

თინა ხიდაშელმა თავდაცვით შეიარაღებაზე ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულება გააფორმა

15 ივნისი, 2015 •
თინა ხიდაშელმა თავდაცვით შეიარაღებაზე ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარესთან კონტრაქტს ხელი საფრანგეთში, ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში მოაწერა. 

 

„დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს, არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულების პირობები საქართველოსთვის მაქსიმალურად მომგებიანია.

 

დავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით კონტრაქტზე ხელმოწერა ფრანგულ მხარესთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო
დავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით კონტრაქტზე ხელმოწერა ფრანგულ მხარესთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო

ლაბერჟეს საავიაციო გამოფენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო
ლაბერჟეს საავიაციო გამოფენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, გასული წლის ოქტომბერში მას პრემიერ–მინისტრის დავალებით მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ თავდაცვით შეიარაღებაზე მემორანდუმისთვის ხელი არ მოეწერა. ალასანია ამბობს, რომ მან ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მემორანდუმს ხელი მოაწერა, რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა. ამის შემდეგ, პრემიერმა ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. რის შემდეგაც მინისტრის პოსტი დატოვა კიდევ ორმა “თავისუფალმა დემოკრატმა”, მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა. 

 

თინა ხიდაშელმა მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან მალევე განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომელიც საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესყიდვას გულისხმობს, ხელს მოაწერდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი