2019 წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად დატვირთული გამოდგა. ხშირი იყო საპროტესტო აქციები თუ პერფორმანსები, გაფიცვები და სამოქალაქო სექტორის აქტიურობა.
თუმცა, ამ ყოველდღიურობაშიც კი, ჟურნალისტებს ხშირად უხდებოდათ უცნაური და ზოგჯერ სახალისო ისტორიების გაშუქებაც. ნეტგაზეთის რედაქცია გთავაზობთ 10 უცნაურ ამბავს, რომელიც 2019 წელს მოხდა და რომელზეც ჩვენ დავწერეთ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაია კალანდია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერდა, რომ რუხში დაგეგმილი ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს.
“ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან რომ ჩაგხსნიან პოლიტიკური მოტივით, ევროპას კი არა, მარსსაც აკვირვებ ბიძინი ბიძია”, – წერდა მაია კალანდია ფეისბუკზე.
ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს
ფეისბუკზე ფოთის რეაბილიტირებული სტადიონის საშხაპეში გადაღებული კადრები ვრცელდება.
კადრებზე ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია ჩანს, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ფეხბურთელებისთვის მხოლიდ 4 საშხაპე გააკეთეს, ისიც ძალიან დაბალი ჭერით.
ფოთის რეაბილიტირებულ სტადიონზე საშხაპე ჭერი ზედმეტად დაბალია, კომისია საკითხს შეისწავლის
წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი, რომელიც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო, ნიუ იორკში გამოფენაზე ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ შეჭამა.
“ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – თქვა ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნამ, წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს.
წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის არტ-ინსტალაცია $150 ათასად გაიყიდა
“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ კიდევ ერთი პერფორმანსი მოაწყო.
მან უწყებასთან წყალი დანაყა და განმარტა: “ესაუბრო ამ ხელისუფლებას იგივეა, რაც ნაყო წყალი“.
“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ომარ ნიშნიანიძემ სტუდენტებთან ერთად აგებული ხომალდით, რომელსაც “არგო” დაარქვა, ფოთიდან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის მიმართულებით, მდინარე რიონში, გაცურა.
გემმა თავისი მოგზაურობა ფოთიდან ვანში დაასრულა.
ყოფილი დეპუტატი ნიშნიანიძე თავისივე აშენებული “არგოთი” რიონში გაცურავს
რუსთაველის გამზრიზე აქციას, რომელსაც ლევან ვასაძე, ე.წ. „ქართული მარში“ და მათი თანამოაზრეები მართავდნენ, დრონზე მიმაგრებულმა ლგბტ დროშამ გააუფირნა.
ჰომოფობიური აქციის მონაწილეები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, როგორც დაფრინავდა მათ მაღლა ლგბტ დროშა.
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ვრეჟ მურადიანმა, ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, სამუშაოებზე მეტად ყურადღებას თავად დეპუტატი იქცევს.
საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ-ლაივი კოსმონავტის, მგლისა და ჯადოქრის ეფექტებით
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სალომე ზურაბიშვილი სალობიე „ბიაში“ იმყოფებოდა, სადაც მას აქციის მონაწილეებმა ჯონჯოლი და კიტრის მჟავე მიუტანეს.
საბოლოოდ ზურაბიშვილმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვა.
მომიტინგეთა ნაწილი სალობიე ბიასთან მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით პრეზიდენტი ვახშმობს
მოსამართლე ზაზა თავაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო, 10 ოქტომბერს პარლამენტში გასაუბრების დროს წაუკითხეს ციტატა და ჰკითხეს, ვისი იყო.
საბოლოოდ თავაძემ კანდიდატურა მოხსნა და უზენაესის მოსამართლე არ გამხდარა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან”, – განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა, ამიტომ დაპირებული ხინკლები პარლამენტში მოიტანა და ჟურნალისტებს გაუმასპინძლდება.
მანამდე, კი თადუმაძის გასაუბრება იყო, რა დროსაც მან თავისი კურსელები ვერ დაასახელა. გოცირიძემ მაშინ თქვა, რომ მოუწოდებს თადუმაძის კურსელებს გამოჩნდნენ და მათ ხინკალზეც კი პატიჟებს.
რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება [ვიდეო]