₾ 2.5 მლნ სკამებისთვის ჭავჭავაძეზე – რას გეგმავს მერია [ფოტო]

თბილისის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ქალაქის საკრებულომ უახლოეს დღეებში უნდა დაამტკიცოს, ჭავჭავაძის გამზირზე სკამების შეძენისთვის 2 500 000 ლარია გათვალისწინებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილი მერიის მიერ რამდენიმემილიონიანი სკამების შეძენაში შესაძლო კორუფციას ხედავს. მისი თქმით, ტენდერი სკამებზე სპეციალურადაა მორგებული ერთ-ერთ იტალიურ კომპანიაზე.

განახლება: ამ ბრალდებას ასევე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძეც, რომელმაც თქვა, რომ ჯერჯერობით არავითარ კომპანიასთან მერიას ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს. მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სკამებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოაწყობს.

გარდა ამისა, ხაბეიშვილი დასძენს, რომ სხვა უბნებში სკამების მონტაჟი 20-ჯერ უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე ვაკეში.

როგორი სკამების დადგმა უნდა ჭავჭავაძის გამზირზე?

თბილისის ბიუჯეტის პროექტის ჩანაწერის მიხედვით, მერიას უნდა, რომ 2020 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სკამებისთვის 2 500 000 ლარი დახარჯოს.

სქრინშოთი ბიუჯეტის პროექტიდან.

აღსანიშნავია, რომ სკამების დადგმა ამ წელს არა მხოლოდ ვაკეში, არამედ სხვა უბნებშიც იგეგმება. მაგალითად, გლდანში 200 საპარკე სკამისთვის 50 000 უნდა დაიხარჯოს, ანუ ვაკეზე 50-ჯერ ნაკლები.

სქრინშოტი ბიუჯეტის პროექტიდან.

კიდევ ერთი რაიონი, სადაც მერია სკამების დადგმას გეგმავს – ნაძალადევია. თუმცა, ვაკისგან განსხვავებით, აქ სკამებზე 80 400 ლარი უნდა დაიხარჯოს.

სქრინშოთი ბიუჯეტის პროექტიდან.

ვაკის სკამებზე მერიამ ტენდერი 20 დეკემბერს გამოაცხადა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 1 880 969 ლარი დაასახელა. ამ ტენდერზე, რომლითაც მერიას „სხვადასხვა სახის დასაჯდომებისა და სკამების“ შეძენა სურს, განაცხადების მიღება 16 იანვარს უნდა დაიწყოს.

ტენდერის მიხედვით, ჭავჭავაძის გამზირზე მერიას ოთხი ტიპის სკამის მოწყობა უნდა, შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციაში მათი ესკიზებიცაა მოცემული. კერძოდ:

თეთრი სკამი

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

ხის სკამი

სპეციფიკაციები:

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

სამკუთხედი სკამი

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

მრგვალი სკამი

სპეციფიკაციები:

ფოტო: მერიის სატენდერო დოკუმენტაციიდან

ნეტგაზეთი კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კახა კალაძე რამდენიმე საათში ისაუბრებს.