ახალი ამბები

რურუას ახალი ბრალი წაუყენეს

25 დეკემბერი, 2019 • 2144
რურუას ახალი ბრალი წაუყენეს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმის შემდეგ ახალი ბრალი წაუყენეს – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნომებერს დააკავეს, 20 ნოემბერს კი პატიმრობა შეუფარდეს. ის ახლა გლდანის საპატიმროში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურამ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას ბრალი დაუზუსტეს: დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

„გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ პროკურატურიდან.

რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ რურუა უარს აცხადებს დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე, რადგან ეს, მათი პოზიციით, მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობა იქნებოდა.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

ადვოკატის თქმით, როდესაც რურუას უკანონოდ, ოქმის შედგენის გარეშე აუღეს დნმ-ის ნიმუში, ეს სჭირდებოდათ იარაღზე მისი ანაბეჭდის განსათავსებლად.

„პირველივე დღიდან ვითხოვდით სათანადო რეაგირებას, გამოძიების დაწყებას, რადგან დნმ-ის უკანონოდ აღებაც და იარაღის ჩადებაც არის დანაშაული. დღემდე ამ დანაშაულს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. როდესაც [პროკურატურის წარმომადგენლები] შემოსულები იყვნენ დნმ-ის ნიმუშის ასაღებად, ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ასრულებენ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; მოვუწოდეთ, რომ თუნდაც მხოლოდ ჩანაწერები ამოიღონ და იმწამსვე ნებაყოფლობით წარმოვადგენთ დნმ-ის ნიმუშს. მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ამით დადასტურდება, რომ გიორგი რურუას იარაღი არ ჰქონია. მანამდე დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება იქნებოდა მტკიცებულების გაყალბებაში მონაწილეობა, რადგან ჩადებულ იარაღზე დასმული აქვთ დნმ-ის ნიმუში და ახლა სჭირდებოდათ მეორე, რომ ეთქვათ, რომ იდენტურია. მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობის მიღებაზე ვთქვით უარი“, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი