საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეში, გარდა უკვე დაკავებული გამომძიებლისა, ფიგურირებს 3-4 პოლიციელი, ვინც ასევე ემუქრებოდა მოზარდს.
ლუკა სირაძე გუშინ, 17 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან მალევე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
საიას იურისტი რევაზ აჭარაძე, რომელიც სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მხოლოდ ჩოლოიანის დაკავება საკმარისი არ არის და გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
“განყოფილებაში გამოკითხვას აწარმოებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც შემდგომ დააკავეს. ეს იყო ის ადამიანი, ვინც მოზარდს ეუბნებოდა, რომ მას სასწვლებლებში პრობლემები შეექმნებოდა და „თუ არ აღიარებ, მძიმედ დაისჯები“ – ასეთი ტექსტები და მუქარები მოდიოდა ამ პირისგან. ასევე, როგორც ირკვევა, ირგვლივ იყო 3-4 პოლიციელი, ეს ჩანს ბავშვის დედის ჩვენებებიდან და ასევე საქმის მასალებიდან. ასევე იყო „გვერდზე გაყვანის“ ფაქტიც. განყოფილების უფროსის მოადგილე იყო ის, ვინც მოზარდი რამდენიმე წუთით „გვერდზე გაიყვანა“, – ამბობს ნეტგაზეთთან იურისტი.
გირჩევთ – როგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის
რევაზ აჭარიძე განმარტავს, რომ ჩოლოიანი და ის ადამიანი, ვინც შემდგომ ლუკა სირაძე „გვერდზე გაიყვანა“, ნამდვილად ორი სხვადასხვა პირია „უბრალოდ, ამ ეტაპისთვის ცალსახად გამოკვეთილი და იდენტიფიცირებულია, რომ მარიანა ჩოლოიანი ახორციელებდა ამ ქმედებას [ზეწოლას]“.
აჭარიძე დასძენს, რომ გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ ის დანარჩენი პოლიციელები, ვინც, როგორც დედის ჩვენებიდან იკვეთება, ასევე ემუქრებოდა მოზარდს.
“უნდა დადგინდეს, ვინ იყო კომუნიკაციაში შესული უშუალოდ ამ ტექსტებითა და მუქარით. ამიტომ, მარტო ის, რომ ჩოლოიანი არის ამ ეტაპისთვის ბრალდებული, ჩვენი შეხედულებით საკმარისი არ არის. იმედია, მალე სხვა პირებიც იქნებიან იდენტიფიცირებულნი“, – აცხადებს ადვოკატი და ამატებს, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიება ადეკვატურად და კომპლექსურად მიმდინარეობს.
გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებული გამომძიებლის სამართლებრივი პოზიცია წაყენებულ ბრალზე. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.
ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.
ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.