ახალი ამბები

სასამართლომ ჰომოსექსუალებისთვის დონორობის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო

17 დეკემბერი, 2019 • 1681
სასამართლომ ჰომოსექსუალებისთვის დონორობის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო

საქართელოს საკონსტიტუციო სასამართომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჯანდაცვის მინისტრის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, კაცებს, რომლებსაც კაცებთან აქვთ სექსი (მსმ), ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში უზღუდავს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას.

მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გოჩა გაბოძემ და ლევან ბერიანიძემ გაასაჩივრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექსუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირების მიმართ, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება გაცილებით ხანგრძლივად იზღუდება, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მტკიცებით, არაპროპორციულად იზღუდებოდა თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები. მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც თითქმის იდენტური შინაარსი ჰქონდა, ოღონდ, ამ შემთხვევაში მსმ-ებს სამუდამოდ უკრძალავდა დონორობას.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით – 10 წლის ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. ფანჯრის პერიოდი). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს  მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.

განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე.

თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, რომ სისხლში აივ/ინფექციის აღმოჩენა შესაძლებელია მაქსიმუმ 3-4 თვეში, რაც შეეხება სხვა ვირუსებს, რომელიც შეიძლება სისხლით გადაეცეს, მათ საინკუბაციო პერიოდი ასევე არ აჭარბებს რამდენიმე თვეს.

გაიგეთ მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკეთ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა, მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

მასალების გადაბეჭდვის წესი