დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლეს

დღეს, 13 დეკემბერს, ცხინვალში გამართულ სასამართლო სხდომაზე ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.  წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე გაფრინდაშვილის სასჯელის შესახებ უნდა ემსჯელათ, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ სასამართლო დარბაზიდან დღესვე გაათავისუფლებდნენ. სასამართლო პროცესი დახურული იყო და მასზე დასწრება ვერც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შეძლეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის დისკუსიებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრმა ანდრეი რუდენკომ ექიმ ვაჟა გადრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ  ” ეს ჰუმანიტარული საკითხია და ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს”.

გარდა ამისა, დღეს, 13 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაზე მოსკოვიდან ჩამოსული ნინო ბურჯანაძეც საუბრობდა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე კვლავაც ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან