ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არ აქვს

13 დეკემბერი, 2019 • 1152
ოპოზიცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არ აქვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი “ბოდვად” აფასებს “ქართული ოცნების” უმრავლესობის ინიციატივას, მაჟორიტარებთან შიდაპარტიული აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრის მიზნით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს და 2020-დან 2024 წლამდე შესაძლო ვადამდელი არჩევნებიც შერეულის სისტემით ჩაატაროს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი “ქართული ოცნების” ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებენ, მმართველ პარტიას კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

“ასე ყოველდღე ადასტურებდნენ ადამიანები ზედსართავ კლოუნებს, იშვიათად მინახავს. რა მორიგი კლოუნადის ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმები არა აქვთ და აღარც არასდროს ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და ვის ატყუებენ, საკუთარ თავს? თუმცა აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ – ჩვენ მოვილაპარაკეთ და საზოგადოება ფეხებზე გვკიდიაო”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს უკან მიაქვს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომლითაც ამაყობდა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

“საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველას აზრი იგნორირებულია გუნდის შიდა შეთანხმებების თუ რაღაც უცნაური პროცესების ფონზე, რომელიც დამაჯერებელი საერთოდ არ არის. მე პირადად ასეთ ინიციატივას მხარს არ დავუჭერ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

“ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლეოსბა აღარ ჰყავს. ვერ მიიღებენ ვერავითარ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ისევ შერეულ სისტემაზე გადავიდეს 2020 წლის შემდგომი პარლამენტის არჩევნები – ეს გამორიცხულია. ასე რომ, ეს არის ბოდვა, მეტს ვერაფერს ვუწოდებდი”, – აღნიშნა ბესელიამ.

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის აზრით, “ქართული ოცნება” უკიდურესად დასუსტებულია და ფიქრობენ, რა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ.

“ეს იყო რაღაცის შესახებ ბჟუტური, რომელიც საქართველოში ვერასდროს იქნება. ეს არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება და ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება” მოუსავლეთში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური ვირეშმაკობა უწოდა “ქართული ოცნების” ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ.

სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კი ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას უყაროს ხელახლა კენჭი.

“ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება. ამომრჩეველი ელოდებოდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას და მათი ბოლო ერთი თვის არგუმენტია, რომ ვერ მოახერხეს კონსტიტუციური უმრავლესობის შეკრება. ახლა თურმე აქვთ იმედი, რომ შეცვალონ კონსტიტუცია, რათა დააკმაყოფილნ მაჟორიტარების ინიციატივა. ეს არის სირცხვილი, სრული ბოდვა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოახერხონ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი (მორიგი თუ ვადამდელი) არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. თუმცა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩატარდება.

ამავდროულად, მაჟორიტარ დეპუტატებს მომზადებული აქვთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და ორპალატიანი პარლამენტს შესახებ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი