მსგავსი გამოხმაურებები „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ცოტა ხნით ადრე „ისტერიკად“ შეაფასა: „აღშფოთებული არიან, ტერაქტიაო ყვირიან“; ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ „ასეთი ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში, ასეთი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს, რაც ხდება, იქნებოდა ანეკდოტი“.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოძრაობა „სირცხვილიამ“ ფეისბუკზე დაწერა, რომ ისინი იღებენ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას“. მათ თანახმად, საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხო იყო: „არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში“.