ცხინვალი ისევ სააკაშვილს ეძებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის განცხადებით, “2008 წლის ომის დროს დამნაშავე საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრ ძებნილთა სია კიდევ გაიზრდება”. 

ამის შესახებ, ოსური მედიის ცნობით, მან რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილესთან, დიმიტრი დემეშინთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

მისივე თქმით, დღესდღეობით სიაში 47 ძებნილია, მათ შორის- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ცხინვალის ინფორმაციითვე, “დემეშინი შეჰპირდა, რომ თუ დამნაშავეებს რუსეთის ტერიტორიაზე აღმოაჩენენ, მათი სამხრეთ ოსეთში ექსტრადიციაა შესაძლებელი”.

დე ფაქტო პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად საქართველოს მოქალაქეების სია ჯერ კიდევ 2017 წელს მიაწოდა.

რუსული და ოსური მხარეების პოზიციით, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.