ახალი ამბები

2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

27 მაისი, 2015 •
2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

სტატისტიკის მიხედვით, 2014  წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ  შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის  (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66.5 პროცენტი  შეადგინა. წინა წელთან  შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0.3  პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე  –  1.7 პროცენტით.

 

საქსტატის მონაცემებით, 2014  წელს დასაქმების დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის მანძილზე, ხოლო აქტიურობის დონე 2014 წელს ჩამოუვარდება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს. დასაქმების დონე გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში. ამავე სტატისტიკით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, პირიქით, 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტრადიციულად,  დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. სტატისტიკის მიხედვით, 2014  წელს 2013 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა  5.2 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ  – 0.2 პროცენტით, რის შედეგადაც  აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა, დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014  წელს 2013 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და, შესაბამისად, 22.1 და 5.4 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, ქალაქად უმუშევრობის  დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 11 წლის, ხოლო სოფლად – ბოლო 7 წლის მანძილზე.

საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად, 1.5 და 0.8 პროცენტული პუნქტით. სტატისტიკის მიხედვით, თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 6.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებისა და უმუშევრობის  მაჩვენებლების  სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან  შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც  ქალებში (1.9 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (2.5 პროცენტული პუნქტით) და, შესაბამისად,  10.4  (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 14 წლის მანძილზე) და 14.0 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 7 წლის მანძილზე) შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტრადიციულად, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან  შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა დიასახლისია და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის  კატეგორიას მიეკუთვნება. ამავე სტატისტიკით, ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ  მაჩვენებელს (შესაბამისად, 42.9 და 22.6 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით აქტიურობის დონე უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც ქალებში, ასევე კაცებში და, შესაბამისად, 57.1 და 77.4 პროცენტი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ქალებში დასაქმების დონემ 2014 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 13 წლის მანძილზე, ხოლო კაცებში – ბოლო 11 წლის მანძილზე და, შესაბამისად, 51.1 და 66.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე არ შეცვლილა მხოლოდ 55-59 ასაკობრივ ჯგუფში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველგან შემცირებულია. სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი კლება (11.3 პროცენტული პუნქტით) 15-19 ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ისევ ამ ასაკობრივ ჯგუფში რჩება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და, შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.

უმუშევრობის დონე ქვეყნების მიხედვით ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატმა მოამზადა.

გრაფიკა: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი