ახალი ამბები

ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

7 დეკემბერი, 2019 • 3095
ვანო ზარდიაშვილი “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაუდასტურეს. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც წინა მოადგილე ჯემალ ახალაია კომპანიის დირექტორად დაინიშნა.

ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა, რომელიც ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და კითხვებს აღარ უპასუხებს.

“მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ რომ საჯარო პირი არა ვარ”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შპს „ენერგოტრანსის“ 100%-იანი წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”. შპს „ენერგოტრანსის“ საქმიანობა რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნულ კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის  აქციების სრულ პაკეტს კი ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი”, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.


ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა და ამის მიზეზად მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია დაასახელა. ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეკა ბესელიასთან დაპირისპირება. 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი