საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციაზე ერთობლივ განცხადებას მოწერეს ხელი

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ქვეყნების საგარეო მინისტრებმა ხელი მოაწერეს ევრთობლივ განცხადებას, რომელიც ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვის ევროპულ ინტეგრაციას გულისხმობს. სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა განცხადებას ხელი დღეს, 5 დეკემბერს მოაწერეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ეს არის პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რომელსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. განცხადება ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს გადაეცა.

“აღსანიშნავია, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ინიციატივა, დაფუძნდეს ,,ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის“ დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რომ ასოცირებულ ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება)”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სუვერენული ქვეყნები ინარჩუნებენ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ეს გულისხმობს, რომ ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება არის ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეების არჩევანი და “თავისუფალი უნდა დარჩეს მესამე ქვეყნების ზეწოლისგან”.