გაძვირდება თუ არა მიკროავტობუსით მგზავრობა 1.10 ლარამდე?

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლების გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი მგზავრობის ტარიფი 20-30 თეთრი გაიზრდება.

თბილისის მერიას 2020 წლიდან ყვითელი მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი ჩანაცვლება სურს.

ერთადერთი კომპანია (კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“), რომელსაც თბილისში მგზავრები მიკროავტობუსებით გადაჰყავს, ირწმუნება, რომ საკუთარი ძალებით ახალი მიკროავტობუსების ყიდვას მგზავრობის ტარიფის გაძვირების გარეშე ვერ მოახერხებს. ამ დროს მერიაში აცხადებენ, რომ ტარიფის გაზრდას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

თბილისის მერმა კახი კალაძემ 27 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ორი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები გამართოს და შეუთანხმდეს, რათა ტრანსპორტის გამოცვლა უახლოეს მომავალში დაიწყოს.

ასანიძე თავიდანვე ამბობდა, რომ თუ კომპანიას საკუთარი სახსრებით მოუწევს მიკროავტობუსების განახლება, ტარიფის გაზრდა მოუწევდათ, თუმცა აქამდე სავარაუდო ფასს არ ასახელებდა. 4 დეკემბერს ბრიფინგზე მან თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ფასი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს.

ახლა მიკროავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ღირს. გამოდის, რომ კომპანიის პოზიციით, ფასი 1 ან 1.10 ლარამდე უნდა გაიზრდოს.

„ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია“, — თქვა 4 დეკემბერს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ.

იმავე საღამოს „პალიტრანიუსის“ ეთერში ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რა გვაზღვევს იმისგან, რომ თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობა 1 ლარი და 10 თეთრი არ გახდება, უპასუხა:

„ჩვეულებრივ შემთხვევაში ასეთ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება არის ნამდვილად, რომ გაიზარდოს ტარიფი. მაგრამ ქალაქში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წამახალისებელ პოლიტიკას, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ნაკლებად საკუთარ ავტომობილებით. ჩვენი პოლიტიკის მიზნებთან და პრინციპებთან შეუსაბამობაშია ტარიფის ზრდა“.

„რა გაზღვევთ და რა გაძლევთ ამის გარანტიას? ჯერჯერობით არც არაფერი, თუმცა მე პირადად მიმყავს ეს მოლაპარაკებები და ერთადერთი პირობა, რომელზეც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა და განვიხილავ ყველანაირ ვერსიას. შევთავაზებ ყველანაირ ვერსიას და მაქვს ეს გარკვეული ვერსიები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს მიკროავტობუსების პარკის განახლება ისე, რომ არ შევეხოთ ტარიფს“, — განაცხადა ხმალაძემ.

„ერთი კვირა კიდევ მაქვს ვადა დარჩენილი და მომდევნო კვირას მთავრობის სხდომაზე, მჯერა, გაჟღერდება კონკრეტული სცენარი, როგორ მოხდება მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება“.

განიხილება თუ არა დოტაცია – სახელმწიფოს ფულადი დახმარება ახალი მიკროავტობუსების შესასყიდად? წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

გააძვირებს თუ არა ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მგზავრობას