8 ივნისიდან მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და ნაკრების სხვა წევრები ოთხი დღე სწორედ თბილისში ივარჯიშებენ. 12-ში კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი ერევანში გადაფრინდება და მეორე დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სომხებთან ითამაშებს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური პერსონალი ერევანს რამდენიმე თვის წინ რამდენჯერმე სტუმრობდა. ისინი, ცხადია, თავიანთი ეროვნული გუნდისთვის შესაფერის სასტუმროსა და სავარჯიშო მოედნებს არჩევდნენ, მაგრამ იქაური პირობებით იმედგაცრუებულნი რომ დარჩნენ, მარტში უკვე თბილისში გამოემგზავრნენ.
სტუმრები თბილისის სასტუმროებს, მოედნებსა და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ორი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. შემდეგ შინ გაემგზავრნენ და მალევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად დაუდასტურეს სურვილი, რომ 8-დან 12 ივნისამდე თბილისში ყოფნა და “მიხეილ მესხზე” ვარჯიში სურთ.
“პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მარტში გვსტუმრობდა და, ფაქტობრივად, მაშინვე გადაწყდა, რომ მათი ეროვნული გუნდი სომხეთთან შესარჩევი მატჩისთვის 8-დან 12 ივნისამდე თბილისში მოემზადება. სტუმრებმა თბილიში სასტუმროები და სავარჯიშო მოედნები დაათვალიერეს, სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურითაც კმაყოფილები დარჩნენ და საბოლოო შეთანხმებაც შედგა, _ თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დანიასთან, ალბანეთთან, სერბეთთან და სომხეთთან ერთადაა. პორტუგალია ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.
