ივანიშვილის თქმით, პროპორციულის ჩაგდებით “ოცნების” გუნდი დაზიანდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებით “ქართული ოცნების” გუნდი დაზიანდა.

ივანიშვილის თქმით, ეს ცალმხრივი დაპირება იყო, რომელსაც შესაძლოა “კეთილი ნება” დაერქვას:

“ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენგან, ჩვენი კეთილი ნება, ასე შეიძლება დავარქვათ, იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის  მოვლენებს.  24 ივნისს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020  წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024-ს, რომელიც ჩვენი გუნდის მხარდაჭერით და ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში.

განცხადება გავაკეთეთ.  დამოკიდებულება მაჟორიტარების ზოგადად გუნდში თავშივე იყო ცნობილი, როდესაც ახალ კონსტიტუციას ვიღებდით. მაგრამ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი. მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის საკუთარ სიტყვებს. არამარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი განიცდის, როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს”, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, გუნდი დაზიანდა არამხოლოდ იმიტომ, რომ დაპირება ვერ შეასრულა, ამასთან, ბევრი ღირსეული წევრი გავიდა “ქართული ოცნებიდან”.