განვიხილავთ და შევჯერდებით – მდინარაძე პლებისციტის ზოიძისეულ ინიციატივაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია იმსჯელებს თანაგუნდელის, კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძის წინადადებაზე, ჩაატარონ რეფერენდუმი ან პლებისციტი პროპორციული არჩევნების 2020 წელსვე ჩატარებასთან დაკავშირებით.

22 ნოემბრის საღამოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის ხელმძღღვანელმა კაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ჩაატარონ რეფერენდუმი ან პლებისციტი, რათა მოხერხდეს, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელსვე ჩატარდეს. ტვ პირველის კითხვაზე, როგორ უპასუხებს გუნდი ზოიძის ინიციატივას, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარეა, განაცხადა:

„ზოგადად, დამოკიდებულება,„ხალხს ვკითხოთ“, არის კარგი და მისასალმებელი. უბრალოდ, არ შეიძლება მე დღეს საბოლოო პასუხი გაგცეთ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტექნიკური დეტალი არსებობს, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის აზრი, საზოგადოების განწყობა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს მე საბოლოოდ პასუხს გადაჭრით ვერ გაგცემთ. ამის შესახებ მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ გუნდში და ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, — თქვა მდინარაძემ.

გაიგეთ მეტი

ზოიძე უმრავლესობაში რჩება და პროპორციულზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს