ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოგერი გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა – მითების დეტექტორი

22 ნოემბერი, 2019 • 3430
სახელისუფლებო ბლოგერი გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა – მითების დეტექტორი

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ფეისბუკ-გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი”, რომელიც პროსახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოს იყენებს.

“მითების დეტექტორის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გიორგი აღაპიშვილის ბლოგის” პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს და ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები აჩვენებს, რომ ფოტო პროპგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის.

“მითების დეტექტორის” განცხადებით, აღნიშნული ფეისბუკ-გვერდი შეიქმნა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 1 თვისთავზე და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, 1 895 მოწონება და 2 027 გამომწერი ჰყავს.

“მითების დეტექტორის” მიხედვით, პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.

17 ნოემბერს კი ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე, გიორგი აღაპიშვილის ბლოგმა გამოაქვეყნა ფოტოები, ალბომის სათაურით “შენი მომავალი მთავრობა”, რომელშიც “მითების დეტექტორის” განცხადებით, იმეორებდა აქტივისტების წინააღმდეგ სხვა სახელისუფლებო ტროლების ნარატივს, რომ აქციების შედეგად ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდებოდა. ამავე ალბომში ენმ-ად მოიაზრებს კრიტიკულ მედიასაც.

“მითების დეტექტორი” აღნიშნავს, რომ დისკრედიტაციის გარდა, აღაპიშვილის ბლოგზე ვხვდებით ხელისუფლების, კერძოდ კი, გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტებს. ორგანიზაციისვე ცნობით, “გიორგი აღაპიშვილის ბლოგის” პოსტებს რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად აშუქებს.

როგორ ასაბუთებს პორტალი ფოტოს სიყალბეს

1. პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები – ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.

2. თმა – გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა.

3. ხელოვნური კანი – გენერირებულ ფოტოებზე კანი ბუნებრივი არ არის. ადვილად შესამჩნევია დეფექტები, არაბუნებივი სიმკვეთრე და განათებები.

4. ასიმეტრია – ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი