აქცია მოქალაქეებმა ფეისბუქის საშუალებით დაგეგმეს მას შემდეგ, რაც საქართველოში გამოჩნდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები”, რომლებიც გადაადგილდებიან “გეორგიევსკის ლენტებით”, რაც გამოხატავს იმპერიალისტური რუსეთის რწმენას, დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ხოტბას.
რუსი ბაიკერები უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან საქართველოში და ამ ხნის მანძილზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. მაგალითად, 2 მაისს საქართველოს მოქალაქის მოწოდებამ – მოეხსნათ ლენტები, გამოიწვია მათი აგრესია – დაუმტვრიეს ტელეფონი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ე.წ. გეორგიევსკის ლენტებს სიმბოლურად გამოიყენებენ საქართველოში ბოლო დროს გამოჩენილი პრორუსული ძალები, რომელთა მიზანია, რომ საქართველომ უარი თქვას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და აღადგინოს და გააღრმავოს ურთიერთობა რუსეთთან.
“საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს გაკეთებული არჩევანი, რომელიც ითვალისწინებს საბჭოთა სიმბოლიკასთან, საბჭოთა იდეოლოგიასთან, საბჭოური პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით: საქართველოს კანონი – თავისუფლების ქარტია”, – ნათქვამია აქციის მონაწილეების განცხადებაში, რომლებიც ვაკის პარკში შეიკრიბნენ საქართველოს, ნატოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამით ისინი დაანახებენ მსოფლიოს, რომ არ დაუშვებენ საქართველოში ხელახალი ფაშიზმის გავრცელებას, “რომელსაც პუტინი და მისი მხარდამჭერები ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოველწლიურად თბილისში, ვაკის პარკში იკრიბებიან. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში მცხოვრები 350 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
