წყლის ჭავლის გამო ხელი მომტყდა – მომიტინგე

18 ნოემბრის აქციის მონაწილე გიორგი მღებრიშვილის თქმით, მას ხელი ორ ადგილას აქვს მოტეხილი. მომიტინგე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ  წყლის ნაკადმა უკან გადაისრლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო.

მღებრიშვილის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდეული ინფორმაციის თანახმად, ხელის მოტეხვის შემდეგ სხვა დაკავებულ პირებთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების ეზოში გადაიყვანეს, თუმცა ვერ დააკავეს, რადგან სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის დეპუტატი ელენე ხოშტარია, დაეხმარა გამოხსნაში.

“30-40 წუთი ხელმოტეხილი სხვა დაკავებულებთან ერთად ვიჯექი სპეციალურ მიკროავტობუსში, ვიცოდი, რომ ხელი დაზიანებული მქონდა, თუმცა მოტეხილობაზე არაფერი ვიცოდი. შემდეგ ჩემით გამოვიძახე სასწრაფო და გადამიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ხელი თაბაშირში ჩამისვეს”, – ამბობს მღებრიშვილი.

via GIPHY

მღებრიშვილის განმარტებით ის გუშინ, 18 ნოემბერს დაზარალებულ პირთა ოფიციალურ სიაში არ არის:

“ვფიქრობ, რომ ჩემს მოტეხილ ხელს სპეციალურად მალავენ, რათა არ გამოჩნდეს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდანაც არიან ადამიანები მძიმე დაზიანებებით და მხოლოდ პოლიციელების დაზიანებებზე აკეთებენ აქცენტს.” – განმარტავს მღებრიშვილი.

მღებრიშვილის განმარტებით, ის ხელოსნად მუშაობს და სხვადასხვა სამუშაოების შესრულება სწორედ მოტეხილი ხელით უწევს, რაც მისთვის ყველაზე მცირე ერთ თვიან უმუშევრობას ნიშნავს. მღებრიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლოდ ის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნასაც აპირებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 18 ნოემბერს, სულ 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, მათგან 3 ამ დროისთვის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდათ დაზიანებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე პოლიციელს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა. სამინისტროსს ინფორმაციით ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ძირითადად ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავებული 5 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში რჩება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი