გეორგიევსკის ლენტი ფოთში/ ტელეკომპანია მეცხე ტალღის ფოტო


როგორც ნეტგაზეთს ფოთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პლაკატის გაკვრა მათი ინიციატივა არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება ფოთის საგამოფენო დარბაზის ხელმძღვანელმა გრიგოლ გაგუამ დამოუკიდებლად მიიღო. საგამოფენო დარბაზი კერძო ორგანიზაცია არ არის, ის არასამეწარმეო იურიდიული პირია და მერიას ექვემდებარება:


“საგამოფენო დარბაზის დირექტორმა თავისი ინიციატივით გამოფინა [ეს პლაკატი] ყველასთან შეუთანხმებლად, არც კულტური სამსახურთან შეუთანხმებია და არც მერიასთან”, – გვითხრეს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ პლაკატი გუშინ გამოიფინა და უკვე ჩამოხსნილია.


გრიგოლ გაგუა ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც ფოთის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩამოხსნეს პლაკატი, გაგუა ამბობს, რომ “მის მოადგილეს დაურეკეს და უთხრეს, რომ პლაკატი ჩამოეხსნა”, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, საიდან განხორციელდა ზარი. რაც შეეხება გაგუას მოტივაციას, რატომაც მან გეორგიევსის ლენტი მისალოც პლაკატზე გამოსახა, იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ეს სიმბოლო მხოლოდ რუსეთს არ ეკუთვნის და ყველა იმ ადამიანისა და ქვეყნის გამარჯვებას აღნიშნავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის წინააღმდეგ იბრძოდა.


გეორგიევსკის ორფერიან ლენტის სიმბოლო რუსეთში ეკატერინე მეორიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ლენტს მეზღვაურები ატარებდნენ. 2005 წლიდან რია ნოვოსტის ინიციატივით ხორციელდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ჰიტლერზე გამარჯვების დღეს გეორგიევსკის ლენტის გავრცელებას ითვალისიწნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მსგავსი ლენტები საქართველოშიც გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და მას ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს, რადგან მისი მხარდამჭერი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

 

გრიგოლ გაგუა არ ფლობს ინფორმაცია იმის თაობაზე, გეგმავს თუ არა მერია მისი თანამდებრობრივი პასუხიმსგებლობის საკითხსი განხილვას ზემოხსენებული ქმედების გამო. ამ თემაზე ინფორმაცია არც ფოთის მერიის პრესსამსახურში აქვთ.


“ამ ეტაპზე პასუხისმგებლობის საკითხი არ განხილულა, რადგან ქალაქში არ არის მერი. თუ რაიმე ზომები იქნება მიღებული, ესეც გახმაურდება”, – აცხადებენ მერიაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *