სამხედრო ტექნიკა გულისხმობს 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლის“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანებს და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობას ეშელონებით. ტექნიკა ხვალ ვაზიანში ჩამოვა. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნიდან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა.
“ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ (Noble Partner) 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ- ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
