ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს

17 ნოემბერი, 2019 • 3926
გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს

პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც “გიორგი თარგამაძის ფორმულა” იქნება.

ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია “იმედში” დაიწყო მუშაობა. ის იყო “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი.

2007 წელს, ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

ტელეკომპანია “ფორმულა” მიმდინარე წელს დაფუძნდა და იქ ძირითადად “რუსთავი 2-დან” წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ. საკონტროლო პაკეტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს და დაფინანსების მთავარი წყაროც სწორედ ის არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი