2014 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემებისა [ფარული მოსმენების საკითხი] და დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები საზოგადოებას დიდი დაპირისპირებებით, ურთიერთბრალდებებით, აქციებითა და სხვა მსგავსი თემებით ახსოვს, თუმცა მიღებული კანონების შინაარსი და მათი აღსრულების მექანიზმები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მსგავსი წარმატებით ვერ ტრანსფორმირდა. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს სტატისტიკა, რომელიც ასახავს, თუ რამდენი განაცხადი შეიტანეს მოქალაქეებმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატსა და ომბუდსმენის ოფისში, სადაც თანასწორობის დეპარტამენტია განთავსებული.

 

ომბუდსმენის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხზე უშუალოდ მუშაობს, 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა. მისი ხელმძღვანელის, მაკა ჯიოშვილის ინფორმაციით, შესაძლო დისკრიმინაციის შესახებ 84 განაცხადი მიიღეს, რომელთა ნაწილი, როგორც ირკვევა, არასწორ მისამართზე მოხვდა:

 

“13 საქმე გადავეცით სხვა დეპარტამენტებს, ვინაიდან, მასალების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის არა დისკრიმიანციას, არამედ უფლებების ჩვეულებრივ დარღვევას ეხებოდა. 16 საქმე ჩვენ დაუშვებლად ვცანით, რადგან მასალების გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ დისკრიმინაცია და უფლებების დარღვევა არ იკვეთებოდა. ერთ საქმეზე დისკრიმინაცია არ დადგინდა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ 4 საქმეზე, სადაც ასევე არ დგინდება დისკრიმინაცია”, – ამბობს ჯიოშვილი.

 

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს, მისი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს 19-მა მოქალაქემ მიმართა, თუმცა მასში ოპტიმიზმს იწვევს 2015 წლის მონაცემები: პირველი კვარტალში უკვე 10 განცხადებაა შესული პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის თაობაზე.

 

ზემოხსენებულ ორ კანონს და მისი იმპლემენტაციის საკითხს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან [მხოლოდ შენეგენის ზონაში] სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი მიიღოს, ევროკომისიამ დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმული ნაიჯები დადებითად უნდა შეაფასოს. გეგმის პირველი ნაწილი საქართველოს წარმატებით აქვს შესრულებული, ანუ ევროკომისიამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობა მოიწონა, ახლა ევროკავშირი სწავლობს, რამდენად კარგად ხორციელდება მათი დანერგვა. ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოსთვის ბევრი კუთხით იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ შენგენის არც ერთ წევრს არ ჰქონდეს ფორმალური საბაბი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმისათვის. დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, განხილული საქმეების რაოდენობას და მოსახლეობის ჩართულობას პროცესში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

 

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან/euobserver.com-ის ფოტო

“ჩვენ რუმინეთში ვიზიტისას ანტიდისკრიმინაციულ კომისიაში გვითხრეს, მარტივად დაგისვამენ ერთ შეკითხვას, რამდენი საჩივარი იყო და რამდენი მათგანი განიხილა შესაბამისმა უწყებამ. დიახ, ასე მარტივად უნდა შევხედოთ საკითხს. კანონი იქმნება ადამიანებისთვის და ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ ის. დღეს ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვართ, როდესაც ადამიანებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება კანონი გამოიყენონ”, – ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ თავისთავად კარგი კანონის,  პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თუ კარგი გუნდის არსებობა ომბუდსმენის ოფისში საკმარისი არ არის იმისათვის, რომ რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი.

 

“ მინდა გავიხსენო ერთი საქმე რუმინეთში, რომელიც დისკრიმინაციის ფაქტს ეხებოდა. ეს იყო ერთ-ერთი მშობლის საჩივარი, რომელიც ეხებოდა ფრენბურთის გუნდში არსებულ წესებს. მშობელი ჩიოდა და ამბობდა, რომ ფრენბურთის კლასში გოგონებისთვის დადგენილია სიმაღლის ზღვარი და გუნდში არ აიყვანენ გოგონას, რომელიც პირობითად 1,65 მეტრზე დაბალია, ხოლო ბიჭებისთვის ასეთი ზღვარი დადგენილი არ იყო და დაბალ ბიჭებს თამაში შეეძლოთ. კომისიამ დადგინა, რომ ეს იყო დისკრიმინაცია. რატომ მოვყევი ეს მაგალითი? დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთი შეხედვით ასეთ წვრილმან საქმეებზეც შეაწუხებენ საქართველოში სახლახო დმაცველს”, – აღნიშნავს დეპუტატი.

 

რატომ არ მიმართავს უფრო მეტი მოქალაქე საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით ზემოხსენებულ საშუალებებს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში დისკრიმინაციის, ან პერსონალური მონაცემების დარღვევის უფრო მეტ ფაქტებს ადგილი არ აქვს, თუ მოქალაქეების ნაწილმა უბრალოდ არ იცის, როგორ დაიცვას კანონით თავისი უფლებები? ანტიდისკრიმინაციულ თემატიკაზე მომუშავე რუმინელი ექსპერტი იშტვან ჰალერი, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყების მხარდაჭერით საქართველოზე კვლევა მოამზადა, ამბობს, რომ შემოსული საჩივრები რეალურ სურათს არ ასახავს. მისი თქმით, მსგავსი პრობლემა რუმინეთშიც არსებობდა:

 

“მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი კანონი არსებობს. ადამიანებს უნდა სჯეროდეთ და სწამდეთ იმ ორგანოების, რომლებსაც უნდა მიმართონ. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ დისკრიმინირებული ადამიანების ხმა არა მარტო გაგონილი იქნება, არამედ ამას მოყვება რეაგირებაც. საჭიროა მუდმივად მონაცემების შეგროვება და ანალიზი. საჩივრები, რომლებიც შემოდის, არ ასახავს რეალურ სიტუაციას, რადგან ზოგი ჯგუფი არ არის ხილვადი. ჩვენ ეს პრობლემა რუმინეთშიც გვქონდა ზოგიერთი ჯგუფების მიმართ. მაგალითად, ლგბტ ადამაინებს არ შემოაქვთ ბევრი საჩივარი.  არ სურთ ხმამაღლა თქმა, რომ გეი ადამიანები არიან და უჩინარნი რჩებიან”, – ამბობს ჰალერი და დასძენს, რომ საქართველოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას ერთი პრობლემა აქვს, სანქციების იგივე კანონის დამრღვევის დაჯარიმების სისტემის არარსებობა. ამ პრობლემაზე არასამთავრობო სექტორი მისი მიღებისთანავე საუბრობდა.

 

მუდმივი განვითარებისა და თანმიმდევრული მუშაობის რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროს ექსპერტი ბოგდან მანოელაც, რომელმაც ასევე მოამზადა კვლევა. მისივე თქმით, საზოგადოების დამოკიდბეულების შეცვლას და პირადი მონაცემების დაცვისადმი მგრძნობელობის ამაღლებას რამდენიმე თვე არ ეყოფა და საჭიროა გავიდეს გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ როგორ ხორციელდება სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით.

 

მაკა ჯიოშვილიც და ნინო სარიშვილიც აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით დაიწყება საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით, რაშიც საქართველოს ევროკავშირი დაეხმარება. ჯიოშვილის თქმით, თებერვლიდან დაიწყო პროექტი, რომელიც სკოლებში უფროსკლასელებისათვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. წლის ბოლომდე დაგეგმილია ტრენინგის 60-მდე სკოლაში ჩატარება. ნინო სარიშვილის თქმით კი, ომბუდსმენის აპარატმა შექმნის დღიდან 1500-მდე კერძო თუ საჯარო დაწესებულებას გაუწია კონსულტაცია იმის თაობაზე. თუ როგორ დაიცვან ადამიანის პერსონალური მონაცემები მათი დამუშავებისას.

 

როგორ იცავს საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ანტიდისკრიმინაციული და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებს?

 

ამ თემაზე ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით თბილისში 24 აპრილს კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენელი დოროთა დლუჩი სულიგა ესწრებოდა. მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში, რომელშიც ევროკავშირი აღწერს, თუ როგორ შეასრულა საქართველომ სამოქმედო გეგმის, ანუ კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხი, უკვე ბრიუსელშია, თუმცა ჯერ არ გასაჯაროებულა:

 

“ამ ორ სფეროში, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ დაწესებულებებს, ვინც მის აღსრულებაზე მუშაობს, არამედ ბევრ სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლებიც პროცესში არიან ჩართული. ჩვენ მოვუწოდებთ დაწესებულებებს, რომ გააგრძელონ ეს რეფორმები, რადგან ერთი და ორი რეფორმით თუ ანგარიშით ყველაფერი არ მთავრდება. ჩვენ გვინდა, რომ რეფორმების მდგრადობა და შედეგიანობა შენარჩუნდეს”, – თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

 

რუმინელი ექსპერტები, რომლებიც კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ, თავის დროზე მოლდოვაშიც მუშაობდნენ, როდესაც იქ განხორციელდა ანალოგიური რეფორმები და საბოლოოდ, 2013 წელს ამ ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღო. გაზეთ “ბათუმელების” შეკითხვას,  იყო თუ არა მოლდოვაში უკეთესი მდგომარეობა ხსენებულ სფეროებში, მაშინ, როცა ამ უკანსკნელმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მიაღწია, ბოგდან მანოელმა უპასუხა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველო მოლდოვაზე წინ არის. მისი აზრით, ამ კუთხით ქვეყანა ევროპის სტანდარტს აკმაყოფილებს. ცალსახად იმავეს არ ამბობს მეორე ექსპერტი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით:

 

“მოლდოვაში თანასწორობის ორგანო დამოუკიდებელია. ისინიც გასცემენ რეკომენდაციებს, მაგრამ ეს რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად მათი კანონით. რეკომენდაციის გაცემიდან 15 დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაიწყოს მათი შესრულება. მას შემდეგ, რაც გაიცემა რეკომენდაცია, საქმე გადაეცმა სასამართლოს, რომელიც ადგენს ჯარიმის ოდენობას. თქვენი კანონი გაანალზიებული და ალბათ მიჩნეული იქნება, რომ ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის პოლიტიკური გადაწყვეტილებაც. შეიძლება თქვენი კანონი მოლდოვაზე უკეთესია, მაგრამ არ არის გამორიცხული ისე მოხდეს, რომ რაღაც მიზეზების გამო რამდენიმე დღეში უვიზო რეჟიმი ვერ მოიპოვოთ”, – ამბობს ჰალერი.

 

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გავს შოკოლადს პატარა ბავშვისათვის, რომელსაც ეუბნებიან, რომ თუ კარგად მოიქცევა, ტკბილეულს აჭმევენ:

 

“მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დისკრიმინაციასთან ბრძოლა პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში შედის, რათა შევქმნათ უკეთესი ქვეყანა და საზოგადოება”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *