როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, მერაბიშვილი ადმინისტრაციულ დარღვევაში დაადანაშაულეს ერთი თვის წინ, რის გამოც ტელევიზორი ჩამოართვეს. ადვოკატის განმარტებით, მარტის დასაწყისში “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავსა და ვანო მერაბიშვილი მოწამლვას აპირებდა ციხეში, რის გამოყენებასაც შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის ეცდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილს საპატიმროში საკვებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა რამდენიმე საათის განმავლობაში, “რაზეც მან გამოთქვა პროტესტი, რაც ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაუთვალეს”.
ადვოკატი არ ფლობს ინფორმაცია, რა სახის საკვებზე შეეზღუდა მერაბიშვილს წვდომა ახლობლების მიერ გარედან შეგზავნილზე თუ ციხის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულზე. იგი არც იმას ამბობს, რომ რა ფორმით გამოხატა პროტესტი მერაბიშვილმა.
ზემოხსენებული ცნობების გადასამოწმებლად ნეტგაზეთი სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსაურსაც დაუკავშირდა, საიდანაც შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო ინფორმაცია მოგვაწვდის, მომხდარზე ნეტგაზეთი მათ პოზიციასაც გამოაქვეყნებს.
მერაბიშვილთან დაკავშირებით ტელევიზორის საკითხის გააქტიურება ახალი არ არის. 2013 წელს საკანში ტელევიზორის შეტანის მოთხოვნით შიმშილობდა კიდეც.
