ახალი ამბები

გუნდი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია – ხუციშვილი

13 ნოემბერი, 2019 • 670
გუნდი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია – ხუციშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და შესაბამის კანონპროექტს არ ჩააგდებს.

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მე ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ვუჭერდი მხარს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ რისკებს ვხედავ, მაგრამ, როგორც ვიცით, იდეალური სისტემები არ არსებობს.

მაგრამ ასეთ პირობებში დარჩენამაც, შესაძლოა, ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას”, – ამბობს პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდება, თუ ვინ აძლევს ამ სისტემას ხმას და ვინ – არა.

ხუციშვილის განმარტებითვე, დეპუტატების მხრიდან სისტემის რისკებზე დასმული კითხვები აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ამ სისტემას ხმას არ მისცემენ.

“მე ვფიქრობ, რომ გავა ეს პროექტი იმიტომ, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს, თუმცა მმართველი გუნდისთვის არ იქნება კარგი, როცა მისი წევრები არ მისცემენ ხმას და ოპოზიცია მისცემს.

გუნდი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია ”, – აცხადებს ხუციშვილი.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა იმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით (უქმდება მაჟორიტარების სისტემა) ჩატარების საკითხი უნდა განიხილონ, შემდეგ კი პარლამენტში უნდა გაიმართოს კენჭისყრა.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ პროპორციული სისტემა, ნაცვლად 2024-სა, ამოქმედდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი