ახალი ამბები

ბერი ნიკოლოზის სადარბაზო [ფოტო]

12 ნოემბერი, 2019 • 10154
ბერი ნიკოლოზის სადარბაზო [ფოტო]

ზემო ფონიჭალის ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულზე საპატრიარქოს მიერ მღვდელმსახურება შეჩერებული ბერი ნიკოლოზი (იგივე ნარიმან მაქარაშვილი) ცხოვრობს. კორპუსის ეზოში ყოველდღე მრევლი დადის და ლოცულობს ან მღერის, საღამოს მათი რაოდენობა იზრდება.

მრევლი ეზოს ცენტრში, პატარა სათამაშო მოედანზე იკრიბება, სადარბაზოში ასვლა და იქ გაჩერება კი (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ბერმა მათ თავად აუკრძალა. შესაბამისი განცხადება, რომელიც ბერმა ფურცელზე დაწერა, მის კართანაა გაკრული.

კორპუსი, სადაც “მდუმარე“ ბერი ცხოვრობს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კორპუსი, სადაც ბერი ცხოვრობს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხვა დღეების მსგავსად, ფონიჭალის ამ წყნარ ეზოში მრევლი დღესაც შეიკრიბა. 10-მდე ადამიანი ელოდებოდა, თუ როდის გამოჩნდებოდა ბერი ფანჯარაში და დალოცავდა მათ.

კითხვაზე, რა სიხშირით გამოდის მათთან კონტაქტზე ბერი ნიკოლოზი, იქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ფანჯრიდან ლოცავს, დაახლოებით 3 კვირაში ერთხელ კი სადარბაზოში, კართან ახლოს მისვლის საშუალებას აძლევს და პირადად ხვდება.

ბერ ნიკოლოზს საპატრიარქომ უკვე 20 წელია რაც მღვდელმსახურება შეუჩერა. მის მრევლში, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, სხვა ქვეყნის მცხოვრებლებიც შედიან, ყველაზე ხშირად  – რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულები.

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“ და ა.შ”, – ნათქვამი იყო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ეს უკანასკნელი ამ პროცესებს გაემიჯნა.

ბერი ნიკოლოზის სადარბაზოსთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

როგორც წესი, ბერის მრევლი სადარბაზოსთან ახლოს დგას, მათ თან ხატები და ნიკოლოზის ფოტოები აქვთ, პერიოდულად კი ბერის ბინის ფანჯრებს უყურებენ იმ იმედით, რომ ის გამოჩნდება და მათ პირჯვარს გადასახავს.

მრევლი ამბობს, რომ აქ მოსული ხალხის უმეტესობას სვადასხვა სახის პრობლემები აქვს, ზოგი ბერს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებას სთხოვს, ზოგი კი -ოჯახური პრობლემების გადაჭრას.

სანთელი ეზოს შადრევანში

საეკლესიო სანთელი ეზოს წყლის სასმელ შადრევანში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მრევლი ბერ ნიკოლოზს სახლში აკითხავს, მანამდე იგივე ხდებოდა გამრეკელისა და ბარნოვის ქუჩებზე.

თუმცა ფონიჭალის ბინის შემთხვევაში ნიკოლოზმა თავის კართან გაფრთხილება გააკრა, სადაც  გარკვეული შემთხვევების გარდა, მრევლს სადარბაზოში ასვლა და მის კართან ყოფნა აუკრძალა.

წარწერა ბერი ნიკოლოზის კართან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება მეზობლებს, ნეტგაზეთთან საუბარში რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ თავდაპირველად, ბერი ნიკოლოზის გადმოსვლისას, გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა შემდგომ ეს პრობლემა მოგვარდა.

მათი თქმით, ხალხმრავლობა ეზოს მცხოვრებლებს არ აწუხებთ, ვინაიდან, როგორც წესი, მრევლი გვიანობამდე არ რჩება. ზოგიერთი მეზობელი კი ამბობს, რომ ბერი ნიკოლოზისა თავადაც სწამს. შსს-ში ამბობენ, რომ ამ მისამართიდან პოლიციაში საჩივარი არ შესულა.

ბერი ნიკოლოზის სადარბაზო ერთ-ერთი კედელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ბერი ნიკოლოზისა და მისი სახლების ამბავი – მოკლედ

სანამ ბერი ნიკოლოზი ფონიჭალაში საცხოვრებლად გადავიდოდა, მან რამდენმე სახლი შეიცვალა, აქედან ორ შემთხვევაში – ბარნოვისა და გამრეკელის ქუჩებზე, ბერის იქ ყოფნას დაპირისპირება მოჰყვა.

თავდაპირველად იყო გამრეკელის ქუჩა. 2017 წელს, სახლთან, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ქირით ცხოვრობდა, მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბერის მხრიდან პოლიციელებისადმი ძალადობის საქმეს შსს შეისწავლის

მრევლი ბერის იმ სახლიდან გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ნაქირავები ჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყო პატრული. სამართალდამცველები სახლის მეპატრონემ გამოიძახა, რომელსაც არ სრუდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე ბერის შეშვება.

მაშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანდა  თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბერმა ნიკოლოზ მაქარაშვილმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს მაშინ, როდესაც მისი მანქანა პოლიციისა და მრევლს შორის გავლასა და ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.

შემდგომ იყო ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლი, აქ 2018 წლის 11 ნოემბერს, ნეტგაზეთის ინფორმაციით, ბერის მრევლის ერთ-ერთმა წევრმა იქ მცხოვრებ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბერი ნიკოლოზი ბარნოვის ქუჩაზე 2017 წელს გადავიდა, როგორც სხვა მის საცხოვრებლებთან, ბარნოვის ქუჩაზეც ხშირად მიდიოდნენ მისი მიმდევრები, გალობდნენ და ლოცულობდნენ – ელოდებოდნენ ბერი ნიკოლოზის გამოჩენას. ის კი მათ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ასანთის ღერებს ურიგებდა.

ამასთანავე, მეზობლები  პერიოდულად აქვეყნებდნენ კადრებს, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ასხამდა ბერი ნიკოლოზი ფანჯრიდან ზეთს და ყრიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

სახლის ორი სართული ბარნოვის ქუჩაზე მას ერთ-ერთმა მორწმუნემ დაუთმო, რომელიც, ტელეიმედის ინფორმაციით, თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია, ხოლო ბერი ნიკოლოზი მათაც აღარ უშვებდა საკუთარ სახლში.

ბერი ნიკოლოზის მეზობლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლსა და მეზობლებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბერმა განცხადება გამოაკრა მისი საცხოვრებელი ბინის კარზე, სადაც ცხელი წყლის არქონას მეზობლებს აბრალებდა. მეზობლები ბრალდებას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ამ განცხადების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა აგრესიული ჯგუფების მოგერიება.

“თერმექსი არ მუშაობს!!! გაჩერდა! ჩადით ქვედა მეზობლებთან და მოაშვებინეთ ცხელი წყლის ვენტილი!!! მთელ მსოფლიოს აქვს ცხელი წყალი ჩემს გარდა!!! მარტო მე, ნარიმანს არ მაქვს ცხელი წყალი!!! ერთი ცალი ვარ და მაინც მე დამსდევთ მოსაკლავად!! მაწამებთ!! ცხოვრება ჯოჯოხეთია!!!” – ეწერა მაშინ ბერი ნიკოლოზის მიერ დაწერილ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი