რა სიმპტომები აქვს სალმონელოზს და როგორ ვრცელდება ბაქტერია

რამდენიმე დღის წინ თბილისში, რესტორან “ლუდის ქარხანა ჩემო კარგოდან” 12 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულების თქმით, ამის მიზეზი სალმონელას ჩხირით მოწამლვა გახდა.  ამის შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომ სალმონელა “ბიუ-ბიუს” ქათმის ხორცში აღმოაჩინეს, გუშინ კი შემოსავლების სამსახურმა ბათუმის პორტში უკრაინიდან შემოსული 23 ტონა ინფიცირებული ხორცი გაანადგურა.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მიმღების განყოფილების გამგეს, მაია ზალდასტანიშვილს ესაუბრა.

ექიმის თქმით, სალმონელოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიეკუთვნება ნაწლავთა ინფექციების ჯგუფს:

“მისი გამომწვევი არის სალმონელას მიკრობი. სამწუხაროდ, სალმონელოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა საქართველოში და არცთუ იშვიათად გვხვდება. მისი გამომწვევი მიზეზი არის დაბინძურებული პროდუქტი ან დაბინძურებული ხელები და ძალიან არის დაკავშირებული ჰიგიენურ ნორმებთან. თუ დაცულია ჰიგიენური ნორმები, პაციენტს ეს დაავადება არ უნდა დაემართოს. მისი პროფილაქტიკა შესაძლებელია ხშირი ხელების დაბანით, ასევე, ჯანსაღი და საღი პროდუქტის მიღებით” – ამბობს ექიმი.

ზალდასტანიშვილის თქმით, დაავადების პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანმა თერმულად კარგად დამუშავებული პროდუქტი მიიღოს:

“ქათმის ხორცში, რომელშიც აღმოაჩინეს სალმონელა, თერმულად კარგად რომ ყოფილიყო დამუშვებული, არ გამოიწვევდა დაავადებას. თერმული დამუშვება სპობს ამ მიკრობს”, – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიკრობი ორგანიზმში მოხვდება, სიმპტომები 2-დან 48 საათის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. სალმონელოზისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა და ფაღარათი, რასაც შესაძლოა სხვა სიმპტომებიც ახლდეს თან:

“აუცილებელი სიმპტომია ტემპერატურა და ფაღარათი. ამის შემდეგ, გააჩნია, რა სიმძიმისაა მდგომარეობა, შეიძლება მოჰყვეს ღებინება, შეიძლება – არა. თუ მოხდა ღებინება საკვების მიღბისთანავე და დაბინძურებული პროდუქტი ნაწლავში არ გადავა, შეიძლება დამთავრდეს ერთჯერადი ღებინებით.

თუმცა, ნაწლავში თუ გადავიდა, აუცილებლად დაეწყება მაღალი ტემპერატურა და ფაღარათი, რასაც შეიძლება მოჰყვეს გაუწყლოვნება, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი და ა.შ. თუ სახეზეა სიცხე, ფაღრათი და მაღალი ტემპერატურა, პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს და არ მიმართოს თვითმკურნალობას”, – ამბობს ზალდასტანიშვილი.

სალმონელოზთან დაკავშირებით რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრას აქვს გამოქვეყნებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, სალმონელოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების მთელი პროცესის კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე, ოჯახის პირობებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

NCDC-ს მიხედვით, ძირითადი პრინციპები სალმონელოზით დაავადების თავიდან ასაცილებლად შემდეგია: