დაპირისპირება მარგელაშვილისა და ივანიშვილის შორის
ათონელის რეზიდენციის მშენებლობა ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პრემიერის ადმინისტრაციისთვის დაიწყო, მთავრობის შეცვლის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციად გამოაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მუშაობა მთავრობის კანცელარიაში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოქმედმა, ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ ფაქტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი უკავშირდება არა კვადრატულ მეტრებსა და საბინაო საკითხებს, არამედ დაპირისპირებას ივანიშვილსა და მას შორის. მარგველაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილისთვის მიუღებელია, პრეზიდენტი დამოუკიდებლად საქმიანობდეს და თვითონ წყვეტდეს საკუთარ პოზიციას. მისი თქმით, საქართველოს არ ჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მითითებებს დაემორჩილება და მეორე შენობაში გადავა:
“მე, როგორც მოქალაქემ, არ მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, რომ ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში, რომელზეც ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია და, სამწუხაროდ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა, მე, გიორგი მარგველაშვილი, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, ხოლო როგორც პრეზიდენტი, ვასრულებ ვალდებულებას და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოქმედი რეზიდენცია 10 000 კვადრატული მეტრია და ამხელა ფართი მას არ ჭირდება:
“რომ არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა ჰქონდეს და ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს,”– განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, თამაშის წესებს სახელმწიფოში ყველა უნდა დაემორჩილოს, მათ შორის, პრეზიდენტიც.
მარგველაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს მოქმედი პრემიერ–მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილას რომ იყოს, ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა.
”თავიდანვე პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომ გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. მე ამას არ გავაკეთებდი. 100 პროცენტით გიდასტურებთ ამას. დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია, რომ ჩვენ თავს საშუალება მივცეთ და ნახევარმილიარდიან სასახლეში ვიცხოვროთ. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ამ სასახლის მიმართ გვქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება,” – განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.
ავლაბრის რეზიდენციას პრეზიდენტისთვის შეუფერებლად მიიჩნევს ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეც. მან ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილებებს, 2013 წელს ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ათონელის რეზიდენცია უფრო მეტად შეესაბამება.
”პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია იყო გათვლილი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის მეთაურზე, სუპერპრეზიდენტზე და არ შეესაბამება საპარლამენტო რესპუბლიკის მეთაურს. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ევროპულ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ ევროპული ქვეყნების პრეზიდენტების რეზიდენციები ძალიან წააგავს სწორედ ათონელის რეზიდენციას თავისი მასშტაბითა და თავისი სტილით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ”ნეტგაზეთთან” საუბრისას.
როგორ არის კანონმდებლობით დარეგულირებული პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი
საიას იურისტი სულხან სალაძე განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ადმინისტრაციის მისამართი ავლაბრის რეზიდენციაა და პრეზიდენტს ქონდა შეტყობინება გაგზავნილი მთავრობისთვის, რომ ის ავლაბრის რეზიდენციაში რჩება.
მეორე მხრივ, სალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ–მოძრავი ქონების, მათ შორის, რეზიდენციის განკარგვის უფლება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აქვს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ საკითხი მთავრობამ ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს.
”თავისი მნიშვნელობით ეს საკითხი გადის უბრალო სამართლებრივი ჩარჩოდან და რეალურად, ის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ ამ შემთხვევაში, არ მოქმედებს დადებითად არც პრეზიდენტის ადმინისტარციაზე და არც საქართველოს მთავრობაზე,”- თქვა სულხან სალაძემ ”ნეტგაზეთთან” საუბრისას.
იურისტი გიორგი ბურჯანაძე კი ამბობს, რომ კონსტიტუციაში არ არის მითითებული, თუ რომელ შენობაში უნდა განთავსდეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა ამან პრეზიდენტს მუშაობაში ხელი არ უნდა შეშალოს:
”პრეზიდენტისთვის რეზიდენციის ჩამორთმევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება არაკონსტიტუციური, თუკი პრეზიდენტს არ ექნება საკმარისი საშუალებები იმისთვის, რომ თავისი ფუნქციები ჯეროვნად განახორციელოს და ამით ხელი შეეშლება მას,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” გიორგი ბურჯანაძემ.
ათონელის რეზიდენცია
გიორგი მარგველაშვილმა 2014 წელს, მთავრობის კანცელარიიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სამუშაო გარემოს საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.
რეზიდენციას, რომელიც ათონელის 25 ნომერში მდებარეობს, არ აქვს შესაბამისი ეზო, სადაც პრეზიდენტს მაღალი რანგის მიღებების გამართვა შეეძლება. “ნეტგაზეთს” ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან აცნობეს, რომ ათონელის რეზიდენცია ხუთსარულიანია და მისი ფართობი, სამინისტროს ცნობით, 6 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. შენობაში განთავსებულია შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზები, კაბინეტი, საოფისე ოთახები, რომლებიც შესაბამისი ავეჯით არის აღჭურვილი.
როგორც სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს. რეზიდენციის მშენებლობა და რემონტი ”ინფრაქტრუქტურის განვითარების კომპანიამ” დაასრულა.
მთავრობა შენობის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას მყიდველი არ გამოუჩნდა. გიორგი კვირიკაშვილი ამას შენობის სპეციფიკურ მოწყობას უკავშირებს:
”სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ინტერესია ამ შენობის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ფუნქციონალური მოწყობა არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ამიტომ მარკეტინგულად ძალიან რთულია, რომ იმ დანახარჯების ანაზღაურება მოხდეს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 20 აპრილს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ათონელის რეზიდენციის შემდგომ ბედზე მთავრობა იმსჯელებს.
ერეოდა თუ არა მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციის რემონტში
ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა განაცხადა, რომ ათონელის რეზიდენცია პირველი პირისთვის იყო განსაზღვრული და შენობა სწორედ მარგველაშვილთან შეთანხმებით გარემონტდა:
”პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვქონდა აქტიური თანამშრომლობა რემონტის პროცესში. მასთან შეთანხმებით იყო ამ შენობის რემონტი, ავეჯი და ყველაფერი. ბოლოს წერილი მოვიდა უბრალოდ, რომ ამ ეტაპისთვის პრეზიდენტი არ აპირებდა გადასვლას,”- განაცხადა 20 აპრილს დავით შავლიაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ რახან პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩარეულიყო ათონელის რეზიდენციის რემონტის პროცესში:
”პრეზიდენტი თუ გადაწყვეტდა და რომ გადაწყვიტა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, ამის შემდეგ რატომ უნდა მიეღო, რა ლოგიკით უნდა მიეღო მონაწილეობა გარემონტების პროცესში, რა კუთხით უნდა ჩართულიყო ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი, ჩემთვის გაუგებარია. მოიტანონ მაშინ შესაბამისი ინფორმაცია, რომ გაიგოს საზოგადოებამ, ეს მართლაც ასე იყო თუ არა,”- განაცხადა მან.
კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა მთავრობას მართლაც მიწერა ოფიციალური წერილი 2014 წლის ივლისში, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბრის რეზიდენციაში იქნებოდა განთავსებული. თუმცა, მისი განმარტებით, ამის შესახებ მთავრობა წერილის მიწერამდე რამდენიმე თვით ადრეც იყო სიტყვიერად ინფორმირებული. პრეზიდენტმა 2013 წლის დეკემბერში გამოსცა ბრძანებულება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართად ავლაბრის რეზიდენცია არის მითითებული.
