ახალი ამბები

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი წყარო საქართველოში საბიუჯეტო პროგრამის მასწავლებელია

5 ნოემბერი, 2019 • 4101
რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი წყარო საქართველოში საბიუჯეტო პროგრამის მასწავლებელია

“მითების დეტექტორის” კვლევის თანახმად, ჯეფრი სილვერმანი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ის ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამის “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” მოხალისე მასწავლებელია.

კოლეჯის ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოხალისე მასწავლებელი ჯეფრი სილვერმანი კოლეჯის სტუდენტეტებს ინგლისურ ენას ასწავლის და მათთვის მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს.  მაგალითად, 2019 წლის 8 მაისს სილვერმანმა დამხმარე მასწავლებლებთან ერთად გლდანის კოლეჯში ვორქშოპი ჩაატარა, 2019 წლის 15 აპრილს კი მონაწილეობა მიიღო “დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის” მიერ ორგანიზებულ დისტანციურ სწავლებაში. თავად გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი 2018 წლიდან ჩართულია პროექტში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოველწლიურად სტუმრობს უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.

ვინ არის ჯეფრი სილვერმანი?

ჯეფრი სილვერმანი, როგორც სამხედრო ექსპერტი ან საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტი,  რუსული მედიასაშუალებების ერთ-ერთი წყაროა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით  დეზინფორმაციის გავრცელებაში. სილვერმანი ამბობს, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლუგარის ლაბორატორიის გარდა, სილვერმანი კონსპირაციებს ავრცელებს ყარსის ხელშეკრულების შესახებაც.

ჯეფრი სილვერმანი, “ასავალ-დასავალი,” 25 თებერვალი – 3 მარტი, 2019: “თუ იმის აუცილებლობა შეიქმნა, რომ ვაქცინა უნდა გავიკეთო, რუსული წარმოებისას გავიკეთებ და არა ამერიკაში წარმოებულს ან ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილს!  საქმე ის არის, რომ ვაქცინებით უფრო მეტია ადამიანი დაიღუპა, ვიდრე გრიპით“.

ჯეფრი სილვერმანი, “ასავალ-დასავალი,” როსია 24ვესტი ნედელი, 16 სექტემბერი: “აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] არის ბიოლოგიური აგენტები, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. მათი იარაღად გამოყენება შეიძლება. თქვენ ხომ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და რუსეთის სამხრეთში ადამიანები ღორის გრიპით იღუპებოდნენ. ეს შემთხვევითი არ იყო”.

ჯეფრი სილვერმანი, “ასავალ-დასავალი”, 15-21 აპრილი, 2019: „საქართველოში კონფლიქტი თუ დაიწყო, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი აჭარას დაისაკუთრებს. თურქულ სკოლებში უკვე ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია, ზოგიერთ რუკაზეც ასეა დაფიქსირებული.“

ამავდროულად, ჯეფრი სილვერმანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პლატფორმის, USA Really-ის ავტორია. აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში USA Really-ს აშშ-ის პოლიტიკური დემონსტრაციის ორგანიზების მცდელობა ჰქონდა; ამასთან, პლატფორმა აქვეყნებს არაზუსტ და ისეთ პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების დაყოფას ემსახურება. დეპარტამენტისვე ცნობით, USA Really-ის ფლობს ან აკონტროლებს პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის “ინტერნეტის კვლევების სააგენტო”, იგივე “პეტერბურგის ტროლების ფაბრიკა”. სილვერმანი USA Really-სთვის სტატიებს 2018 წლის 12 ივნისიდან აქვეყნებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ჯეფრი სილვერმანი უკვე სამი წელია, გლდანის პროფესიულ სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლის და მას კონტრაქტის ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება. სსიპ-ში ამბობენ, რომ სილვერმანის პერსონასთან დაკავშირებით კონტრაქტის გაფორმებამდე გადაამოწმეს ნასამართლეობა და ინგლისური ენის ცოდნა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“შევისწავლით საკითხს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი