4 ნაბიჯი, რის გარეშეც NGO-ების აზრით, წყალტუბოს რესურსების პრივატიზაცია არ უნდა მოხდეს

ქალაქ წყალტუბოში არსებული შენობებისა და სივრცეების ფართომასშტაბიანი გასხვისების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცემა Etrepreneur-თან გამოთქმულ მოსაზრებას ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ფონდი – ღია საზოგადოება საქართველოს, მწვანე ალტერნატივის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ხელმოწერილი განცხადების მიხედვით, მათთვის დაუშვებელია საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი რესურსების გაცხადებული ფორმით პრივატიზება.

“პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამა თუ იმ საჯარო სივრცის, ქალაქისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მხოლოდ იქ არსებული ქონებისა და საჯარო რესურსების პრივატიზებაში ხედავს განვითარების გზას”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობოების განმარტებით, მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს არაქმედითობის განცდას ქმნის და მისი ინსტიტუციების მნიშვნელობას აკნინებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქონების დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი გაყიდვის შემთხვევებსაც.

“სწორედ ამგვარმა მიდგომამ მისცა შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, წყალტუბოს საჯარო მნიშვნელობის მქონე სარეკრეაციო და ბალნეოლოგიური რესურსებისა და კულტურული მნიშვნელობის შენობების შეძენის აუცილებლობა, სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში წყალტუბოს განვითარების სტრატეგიული გეგმის ჩამოუყალიბებლობით დაასაბუთოს, სახელმწიფო უწყებების ფუნქცია შეითავსოს და საკუთარი შეხედულებით დაგეგმოს სახელმწიფო რესურსების განვითარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადების მიხედვით განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რომ არ ხდება წყალტუბოში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გასხვისების პროცესში საჯარო ინტერესების გათვალისწინება. ასევე არ არის გამოკვლეული, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, რეგიონისთვის ან ქალაქისთვის “ქართული ოცნების” ლიდერის მიერ წარმოდგენილ წყალტუბოს განვითარების გეგმას და რამდენად იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი წყალტუბოს სამკურნალო წყლები, სარეკრეაციო სივრცეები და კულტურული მნიშვნელობის ძეგლები.

არასამთავრობოებს ასევე ეჭვი ეპარებათ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი გეგმის უალტერნატიობაშიც, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ის არა მხოლოდ ბიზნესმენი, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირიცაა:

“ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი წყალტუბოს განვითარების ბიზნეს-გეგმა, რომელიც ამ ტერიტორიაზე სასტუმროების, საბავშვო პარკებისა და აუზების მშენებლობის კონცეფციის პროექტია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირის ხელში სახელმწიფო ქონების ამ მასშტაბით კონცენტრირების შესაძლო შედეგების კრიტიკული გააზრების და საჯარო განხილვის გარეშე, ივანიშვილის აღნიშნული ინიციატივა გაცხადებიდან რამდენიმე საათში ერთხმად მოიწონეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში მდებარე რამდენიმე ქონების საკმაოდ მაღალ ფასად გასხვისებას გეგმავდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ერთ ლარად გადაცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა”, – წერია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ფონდი – ღია საზოგადოება საქართველოს, მწვანე ალტერნატივის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ხელმოწერილი განცხადებით არასამთავრობოები ითხოვენ:

“წყალტუბოში საჯარო ქონების შესყიდვა არ არის სახელმწიფო ქონების დაუსაბუთებელი პრივატიზებისა და ივანიშვილის ხელში მნიშვნელოვანი საჯარო რესურსების კონცენტრირების ერთადერთი მაგალითი” – წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი განმარტებით, სახელმწიფო ქონების ბედის განკარგვის ანალოგიური მაგალითია აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გარემოსდამცველთა შეფასებებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი გაანადგურებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველურ ბუნებას.

ივანიშვილის გეგმა წყალტუბოზე — დეტალები და რისკები