საქართველოს მოსახლეობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დინამიკის ინტეგრირებული შეფასების მიზნით და მათი გავლენის გამოვლენისათვის ქვეყნის განვითარებაზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოსახლეობის სიტუაციური ანალიზის (PSA) კვლევა ჩაატარა.
კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ 2014 წლის მეორე ნახევარში დემოგრაფის, დოქტორ რალფ ჰაკარტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსახლეობის სიტუაციური ანალიზის ნაწილი საქართველოში შობადობის საკითხებს უკავშირდება.
“მოსახლეობის სიტუაციური ანალიზი ასახავს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ნაკისრ ვალდებულებას მოსახლეობის დინამიკის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული საკითხების მეინსტრიმინგისათვის ეროვნული განვითარების სტრატეგიებში, ისევე როგორც ეროვნულ კონსულტაციებში 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის პრიორიტეტების გამოსაკვეთად. კვლევაში გაშუქებულია მოსახლეობის სფეროში არსებული გამოწვევები და მოცემულია რეკომენდაციები მათი დაძლევისათვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, ადამიანის უფლებების, გენდერული და კულტურული პერსპექტივის გათვალისწინებით”, – ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
UNFPA-ს წარმომადგენელთა განმარტებით, საქართველოს მთავრობა დემოგრაფიულ პოლიტიკას ქვეყნის განვითარების ციკლის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს და დემოგრაფიულ გამოწვევებთან გამკლავება ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.
“აძლიერებს რა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვას, საქართველოს მთავრობისათვის PSA-ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება საქართველოში დემოგრაფიული სტრატეგიის შემუშავებისათვის.
გამოწვევის დასაძლევად და შობადობის რეალური სტიმულირების მიზნით კვლევის ავტორთა რეკომენდაციაა მონეტარული დანამატების პარალელურად ოჯახისადმი ხელშემწყობი სოციალური პოლიტიკის გატარება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, როგორც პრიორიტეტის ჩართვა ჯანდაცვის სახელმწიფო სტრატეგიაში და მთავრობის მიერ მდგრადი ინვესტიციების უზრუნველყოფა რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართულებით, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის დონეზე. კვლევა ასევე ხაზგასმით აღნიშნავს საინფორმაციო სისტემებისა და გენდერულად სენსიტიური სტატისტიკური მონაცემების შეკრების, მათი ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობას; ასევე, კადრების გაძლიერებას მონაცემთა შეკრებისა და ანალიზის კუთხით და მათი გამოყენებისათვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად. ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ 2014 წლის აღწერა მოგვცემს ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობის დინამიკის შესახებ საქართველოში; ხოლო PSA კვლევა დარჩება ცოცხალ დოკუმენტად, რომელიც რეგულარულად განახლდება”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
