ინდოეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ინდოეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) შემოდის.

დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.

“2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება,”-  აცხადებენ უწყებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ ყოფილა.