აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

77 წლის კაცი ამჟამად დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ანტიშოკურ მკურნალობას გადის.

“კლინიკაში შემოვიდა 77 წლის კაცი. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა… აღენიშნება 35%-იანი მე-2, მე-3 ხარისხის დამწვრობა… დამწვარი აქვს თავი, ორივე ზედა კიდური, გულმკერდი. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული”, – აცხადებენ კლინიკაში.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

საუბარია იმ ბინის მფლობელზე, სადაც აფეთქება მოხდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ამჟამად მოწმდება საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობა. მოსახლეობა ევაკურიებულია.