“დელოიტმა“ იდენტიფიკაცია მოახდინა, დოკუმენტები კი სებ-ში გაიგზავნა – ხაზარაძე “პროგრეს ბანკზე“

მამუკა ხაზრაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია “დელოიტის“ მიერ “პროგრეს ბანკში“ არსებული პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიგზავნა. ეს კი სწორედ ის ადგილია, სადაც აღნიშნული დოკუმენტების მოძებნაა შესაძლებელი.

ეს განცხადება ხაზარაძემ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე გააკეთა. საუბარია “პროგრეს ბანკზე“, რომლის აქტივებიც 2016 წელს თიბისიმ იყიდა.

მანამდე ხაზარაძე ამბობდა, რომ სანამ “პროგრეს ბანკის” ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც “პროგრეს ბანკში” “კრიტიკულად არასასრუველი მდგომარეობა” დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, “გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები”.

“საუბარი იმაზე, თუ სად არის დოკუმენტაცია, “დელოიტი“ შემოვიდა, მან გააკეთა იდენტიფიკაცია ამ კომპანიის, შემდგომში ეს ყველაფერი წავიდა ეროვნულ ბანკში. ამიტომ, ვეძებოთ ეს ყველაფერი ეროვნულ ბანკში, მოძებნილიც არის, ამას არ უნდა ძებნა“, – ამბობს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში შესვლამდე, სადაც დღეს თიბისის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.

ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ დოკუმენტირებულად წარადგინა ყველა გადარიცხვა, “პროკურატურა კი არის ჩიხში“.

ხაზარაძემ “პროგრეს ბანკზე” დღეს, “ლელოს” 12 ახალი წევრის წარდგენის დროსაც ისაუბრა:

“პრობლემა იქ უნდა ეძებოთ, სადაც ეს პრობლემა არის.

პრობლემა არის ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში და პრობლემა არის პროკურატურაში. ნუ გადაგაქვთ ისრები. თუ მეკითხებით “პროგრეს ბანკზე”, კიდევ გავიმეორებ – ყველა ოპერაცია საქართველოში 30 000 ლარის ოდენობით ექვემდებარება მონიტორინგს,“.

ამ განცხადებით მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარს გამოეხმაურა.

ბუცხრიკიძე IPN-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “დელოიტის” მიერ, რომელიც “არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას”.

მამუკა ხაზარაძის ბრალდების მიხედვით, “პროგრეს ბანკი”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილი იყო, ფულის გათეთრებაში იყო შემჩნეული.

 

ვრცლად “პროგრეს ბანკის“ საქმეზე:

პროგრეს ბანკის საქმეზე პროკურატურა თავისი ინიციატივით რეაგირებას არ აპირებს