ახალი ამბები

გზა რუსეთისკენ საფრთხეა ჩემი სახლისთვის – გიორგი როსტიაშვილი

25 ოქტომბერი, 2019 • 3644
გზა რუსეთისკენ საფრთხეა ჩემი სახლისთვის – გიორგი როსტიაშვილი

ხადის ხეობაში დაბრუნებული გიორგი როსტიაშვილი ამბობს, რომ  ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პარალელურად სოფლის ძველი გზის გაფართოება საფრთხეს შეუქმნის მის სახლს. ამავე დროს, ის ახალი მაგისტრალის მშენებლობასაც ეწინააღმდეგება, რომელიც რადიკალურად შეცვლის ადგილობრივ გარემოს.

23 წლის გიორგი როსტიაშვილმა ცოტა ხნის წინ აიშენა მცირე ზომის ხის სახლი ხადის ხეობის სოფელ როსტიანში. გეგმავს გაფართოებასაც, თუმცა ხეობის მომავალი უკვე ბუნდოვნად ესახება. იგი „ნეტგაზეთს“ თავის ამბავსა და წუხილს უზიარებს:

„გადავწყვიტე, ჩემი ისტორია დამეწერა“

„ყოველთვის მინდოდა ხადაში „დაბრუნება“. ჩემს მშობლებს იქ არ უცხოვრიათ, იქ არც სოფელი მაქვს, მაგრამ ჩემით გავარკვიე, საიდან ვიყავი, როსტიაშვილები საიდან მოდიოდნენ… როცა ჩავედი და ვნახე იქაურობა, დაბრუნება გადავწყვიტე. გადავწყვიტე, ჩემი ისტორია დამეწერა.

ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი ხარჯებით და შესაძლებლობებით, ეს საქმე გამეკეთებინა, მაგრამ ნაკვეთსაც ვერ იშოვიდი იმიტომ, რომ ხადა არ იყიდება. საბოლოოდ მაჩუქეს ეგ ნაკვეთი, გადმოვიფორმე და ავაშენეთ ეს ხის სახლი. მინდა, რომ უკვე ქვის სახლი ავაშენო, ძველი მთიულური ბანიანი სახლი, მიწაში შესმული ორ სართულად.

გეგმაში კი მაქვს, მაგრამ ეს ძველი გზა თუ გაფართოვდება, ახლა რაც დგას, მაგასაც საფრთხე შეექმნება. მშენებლობის დროსაც გამოჩნდა, რომ მთელი ფერდობი არის კლდოვანი, ლოდებია. აქ რომ გზა გააფართოონ, ლოდებს მოჭრან, შეიძლება საყრდენი გამოეცალოს და შეიძლება, მთელი ფერდობი ჩამოიშალოს.

არადა, უკვე დაიწყეს ამ გზის გაფართოება. სოფელ ბედონთან დაიწყო, ჯერ მჟავე წყლებამდე არ არიან მისულები, მაგრამ ნელ-ნელა მიიწევენ წინ და აფართოებენ გვერდებიდან, მარცხენა მხრიდან ფერდობს ჭრიან. სავარაუდოდ, ტექნიკისთვის აფართოებენ და ეგ იქნება ტრაქტორების და მძიმე ტექნიკის სავალი გზა.

გიორგი როსტიაშვილის სახლი სოფელ როსტიანში, ხადის ხეობაში

უშუალოდ ჩემს ნაკვეთს ალბათ არ შეეხება, მაგრამ ქვევიდანაც და ზევიდანაც უნდა დამუშავდეს. ქვევით როგორც ვნახე, ფერდობს ჭრიან, საკმაოდ აგანიერებენ გზას, თითქმის ორი ზოლი გამოდის. ჩემი ნაკვეთის ქვემოთ ახლა ერთი ზოლია. ეს რომ ორზოლიანად გადააქციონ, აუცილებელი გახდება, ფერდობიც ჩამოიჭრას.

მაგის გარდა, ზევიდან, ნაკვეთის თავზეც უნდა გადაატარონ, არა? ტექნიკა, ტრაქტორები, აიყვანონ. რისკია, ვიბრაციებთან ერთად ლოდების დაგორების საშიშროებაც არის.

მაგრამ ამ გზის გაფართოება რა საფრთხესაც უქმნის ჩემს სახლს, ეგ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რითაც დაგეგმილი მთავარი მაგისტრალი უქადის მთელ ხეობას. მთელი კოშკები და ტაძრები დაინგრევა. აი, თუნდაც ხეობის ბოლო სოფელში, წკერეში, კვირაცხოვლის ქვეშ უნდათ გაიყვანონ გვირაბი.

ბურღვა იქნება, ვიბრაციები თუ აფეთქებები, სულ ჩამოანგრევს არა მხოლოდ კოშკებსა და ტაძრებს, არამედ უბრალო სახლებსაც. ეს იმიტომ, რომ მშრალი წყობით არის მთელი ხადა აშენებული, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ქვა ქვაზე დევს, ცემენტისა და ყოველგვარი გამაგრების გარეშე. პატარა ვიბრაციაც კი მოქმედებს.

მაგრამ კარგა ხანია, გადავწყვიტეთ, რომ დავუპირისპირდეთ  ამ გეგმას და შევეწინააღმდეგოთ“…

რას ამბობს გზების დეპარტამენტი?

საავტომობილო გზების დეპარტამენტის [გზების დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამ პროექტში სახელმწიფოს ის წარმოადგენს] თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კუპატაშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ კონტრაქტორ კომპანიას, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ გზის გაფართოება არ დაუწყია და სოფელ ბედონში მათ მხოლოდ ძველი დამბა აღადგინეს მოსახლეობასთან შეთანხმების შემდეგ:

„დამბის სიგრძე დაახლოებით 1.3 კმ-ია. ეს არის ძველი დამბა, — მოსახლეობას და მდინარეს შორის იყო ძველი ნაყარი, რომელიც სავარაუდოდ წყლისგან დასაცავად იყო — დამბა აღადგინეს, უფრო სწორად, გაასწორეს, რისთვისაც არ სჭირდებოდათ ჩვენგან რაიმე ნებართვა… ბედონში გზა არის ძალიან ვიწრო ისედაც. ამ ძველ დამბაზე მოსახლეობამ უთხრა, აღადგინეთ და იქიდან იმოძრავეთო. შეთანხმდნენ მოსახლეობასთან და ისე აღადგინეს“.

მისი თქმით, კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს მშენებლობის დაწყების უფლება და სამუშაოები არ მიმდინარეობს: „ეძებენ ადგილებს, სადაც შემდეგ უკვე გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩვენც შეგვითანხმებენ, ჩვენ კი დონორებს უნდა გავუზიაროთ, გეგმა, ოფისი სად უნდა იყოს, ქარხანა სად უნდა იყოს, ბანაკები სად უნდა იყოს. ეს ყველაფერი მოსაძებნი აქვთ. დაიწყეს მობილიზაციის სამუშაოები და ამის მოძიება.

ლევან კუპატაშვილის განცხადებითვე, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა არსებული გზის გაფართოება ხეობის ბოლომდე, ან თუნდაც სოფელ როსტიანში: „არ ვიცით, ვნახოთ. ეს მათ [კომპანიამ] უნდა წარმოადგინონ სქემა, როგორ იმოძრავებენ“.

თუმცა, მისი თქმით, არარეალურად ჟღერს ის, რომ არსებულ გზაზე „რაიმე ისეთი ზემოქმედება მოხდეს, რომ ვინმეს სახლი მოჰყვეს“:

„თუ ასეთი რამ დადგება დღის წესრიგში, თუ ვინმეს კერძო საკუთრებაში შედიან, რა თქმა უნდა, უნდა მივიდნენ, დაელაპარაკონ, კომპენსაციაც უნდა მისცენ და უნდა შეუთანხმდნენ. ასე რომ, მას არ უნდა ეშინოდეს… მაგრამ ეს არარეალურად ჟღერს, რადგან არსებული გზა არავის საკუთრებაზე არ გადის და ახალი გზა რომ გაჭრან, არა მგონია, მაინცდამაინც იმ ბიჭის ნაკვეთზე გავიდეს“.

მისი თქმითვე, კომპანიას ეს გეგმა ჯერ არც აქვს მათთვის წარდგენილი და დამუშავებული: „ჯერ ახლა მოეწერა კონტრაქტს ხელი და ახლა იწყებენ მოძიებას, სად რა შეიძლება გააკეთონ, როგორ შეიძლება მიუდგნენ სწორად და ეფექტურად ხეობას. დამუშავებული არ არის, სად და როგორ უნდა გაიარონ. როდესაც ეს გეგმა იქნება, ისე იქნება, რომ რასაც აკეთებენ, იმაზე პასუხისმგებლობა აქვთ“.

ქვეშეთი-კობის გზის შესახებ

რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა დიდ თავისტკივილს უჩენს ადგილობრივებს, გარემოსდამცველებსა და კულტურული მემკვიდრეობის მცველებს. გზა, რომელზეც გიორგი როსტიაშვილი საუბრობს, არა ეს ახალი მაგისტრალი, არამედ უკვე არსებული ძველი გზაა. რაც შეეხება მთავარი მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს:

  • სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მხოლოდ 5.6 ლარი ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში; მიწაში, რომელსაც, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი ამბობს, საერთოდ არ უპირებენ გაყიდვას;
  • მაგისტრალის ამ პროექტისთვის საჭირო, რამდენიმე შემთხვევაში „სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მიწა“, როგორც ამას ტრადიციული მესაკუთრეები უწოდებენ;
  • უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — IX-XI საუკუნეების დროინდელი ძეგლები: ძველი ქვა-ჯვრები, ეკლესიები, სალოცავები, შესაძლოა, ჯერაც აღმოუჩენელი არტეფაქტები და სხვადასხვა დროის საფლავები — რასაც სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს;
  • გზა-ხიდ-გვირაბების მშენებელი კომპანიია, რომელსაც მსოფლიო ბანკისაგან სანქციები აქვს დაწესებული;
  • აუთვისებელი ეკოტურისტული პოტენციალი, რომელიც შეიძლება გაქრეს;

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რის გამოც ქვეშეთი-კობის გზის მოწინააღმდეგეები მთავრობას ამ მონაკვეთის ალტერნატივის მოფიქრებისკენ მოუწოდებენ, ზოგიერთი მათგანი კი ამ ალტერნატივას თავად სახავს. რით პასუხობს ამ მოთხოვნას სახელმწიფო, რომელიც მრავალწლიანი სესხით აშენებს მაგისტრალს?

ამ ამბავში გასარკვევად გირჩევთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟის ნახვას ხადის ხეობიდან:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი