პარლამენტის წინადადებები “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პოლიტიკის მომავალზე [პროექტი]

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა “ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით” პარლამენტის დადგენილების პროექტი შეიმუშავა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირში დაწყებულია საყოველთაო მსჯელობა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალზე, რაშიც აქტიურად ჩართულია საქართველოს პარლამენტი, პარტნიორებთან ერთად.

“ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მისწრაფებები მაქსიმალურად გაითვალისწინონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვების ფორმირებაში”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, საქართველო სთავაზობს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გაითვალისწინონ პარტნიორი ქვეყნების ამბიციები და პრიორიტეტები, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სხვა პარტნიორებმა, შეინარჩუნონ მუხტი და ძლიერი პოლიტიკური ინტერესი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, მეორე მხრივ კი, საზოგადოების მხარდაჭერა არ მოაკლდეს ამ პროცესს.

დადგენილების პროექტი ევროკავშირს მოუწოდებს:

„აუცილებელია განსხვავებული, დიფერენცირებული მიდგომა, რათა ყველა პარტნიორის ინტერესი იყოს გათვალისწინებული ამ თანამშრომლობაში. ჩვენთვის და სხვა ასოცირებული წევრებისთვის – უკრაინისთვის და მოლდოვისთვის – ევროინტეგრაციის მიზნები არის შორს მიმავალი, ამიტომ დადგენილებაში ცალკე შეთავაზებებია ამ სამი ქვეყნის მიმართ პოლიტიკის გასავითარებლად“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დადგენილება საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიეროს.

“დადგენილება შეეხება უშუალოდ იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოს აქვს, სადაც ჩვენ ევროკავშირს ვთხოვთ გააქტიურებას, უფრო მაღალ დონეზე მონაწილეობას საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მეტ ყურადღებას უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების გადაწყვეტის, დეოკუპაციის საკითხების მიმართ. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, რომ გააქტიურდეს, მათ შორის, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატის ინფორმაციით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა და განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს როგორც მმართველი გუნდი, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციაც.