ახალი ამბები

ლენტეხში მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ შადრევანი დალის ქანდაკების გარეშე დადგეს

21 ოქტომბერი, 2019 •
ლენტეხში მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ შადრევანი დალის ქანდაკების გარეშე დადგეს

ლენტეხში, სადაც შადრევანზე ქართული მითოლოგიის პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, მონუმენტი დალის გარეშე დადგეს.

შადრევნის დადგმას წინ უძღოდა მიტროპოლიტ სტეფანეს კრიტიკა, რომელიც მონუმენტს კერპად მიიჩნევდა. როგორც “ნეტგაზეთს” ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა უთხრა, ქანდაკების საბოლოო ესკიზი უფრო მოეწონათ და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს, თუმცა ადასტურებს, რომ მიტროპოლიტის აზრიც გაითვალისწინეს:

“ასე უკეთესი პროექტი გამოგვივიდა და ასე დავაკორექტირეთ. უფრო ლამაზი ასე გამოდიოდა, მაშინ შადრევანი არ გამოდიოდა კარგად. შევარჩიეთ, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და გავაკეთეთ ისეც. მეუფე სტეფანეს რომ არ მოსწონდა, იმიტომ არ მომხდარა, ჩვენ აუცილებლად შადრევანი გვინდოდა. დალი რომ დამონტაჟებულიყო, ასეთი ლამაზი არ გამოდიოდა. მეუფეს აზრიც გავიზიარეთ, არ შეიძლება, მეუფეს აზრი რომ არ გავითვალისწინოთ, ყველანი ქრისტიანები ვართ. მაინცდამაინც ვინმეს კაპრიზი რომ ყოფილიყო, ასე არ მომხდარა “, – ამბობს ლენტეხის მერი.

მუნიციპალიტეტმა ქალაქის ცენტრში შადრევნის განთავსებაზე 188 417-ლარიანი ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა. ის მოიგო კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“ და წარადგინა შესაბამისი რენდერები, რომლის მიხედვითაც, ქანდაკება უნდა ყოფილიყო ასეთი:

თუმცა ეს იდეა არ მოსწონდა მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელიც ნეტგაზეთთან საუბარში მიიჩნევდა, რომ დალის ქანდაკების დადგმა კერპთაყვანისმცემლობაა. მიტროპოლიტმა თავისი პოზიცია მერიასაც გაუზიარა, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა.

“[მერიასთან] კონსულტაციები კი არ მქონდა, მე ჩემი აზრი ვუთხარი. კი არ ვეწინააღმდეგები, მე ქრისტიანებისთვის ზოგადად მიუღებლად მიმაჩნია ეს საკითხი… იმიტომ, რომ თუ ქრისტიანი ხარ, მაშინ შენ კერპთაყვანისმცემელი არ ხარ და თუ კერპთაყვანისმცემელი არ ხარ, მაშინ შეიძლება სხვა რაღაც იყო, მაგრამ ქრისტიანი არ შეიძლება იყოს კერპთაყვანისმცემელი. დანარჩენი წერილობით იქნება ყველაფერი“, – ამბობდა ნეტგაზეთთან მიტროპოლიტი სტეფანე.

შადრევნის საბოლოო ვერსია ასე გამოიყურება:

შადრევანი ლენტეხში ფოტო: გიორგი ლიპარტელიანი

ვრცლად წაიკითხეთ:

მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ ლენტეხში შესაძლოა დალის ქანდაკება აღარ დაიდგას

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი