სალია: დვალი-აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, რომელიც ტელეკომპანიის საქმეზე ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი იყო, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს პასუხობს. მისი თქმით, დვალი-აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია და არც მათი ადვოკატის, კახა კოჟორიძის არგუმენტაციას იზიარებს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ხანდაზმულობის საკითხს ხალვაშის სარჩელის მსგავსად განმარტავენ:

“ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალის სარჩელებს შორის, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით.

ასევე, მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი, დაკმაყოფილდა ის. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო. თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე”, – ამბობს სალია.

მანამდე კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ახალ სარჩელში ხალვაშის არგუმენტაციას საქმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გამოიყენებენ. კერძოდ, როგორც იურისტი განმარტავს, ხალვაში ამბობს და უზენაესმაც გაიზიარა, რომ ამ საკითხზე ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული იმიტომ, რომ იძულება ხორციელდებოდა ქიბარ ხალვაშზე მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე:

“იძულება თუ იყო განგრძობადი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო ხელისუფლებაში და ეს არგუმენტი არის ვალიდური, ესეც არის ჩვენი სასარგებლო არგუმენტი. მეორე არგუმენტი, რასაც ხანდაზმულობასთან მიმართებით ქიბარ ხალვაში ამბობს და დიდი პალატაც ეთანხმება, არის ის, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდა პროკურატურაში საჩივრის შეტანისას, ანალოგიურად ჯარჯის და დავითს აქვთ პროკურატურაში საჩივარი შეტანილი [2012 წელს]” ,- ამბობს კოჟორიძე.

როგორ განმარტა უზენაესმა სასამართლომ ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები ქიბარ ხალვაშის საქმეზე