ცხოვრება სავსეა სტრესული მოვლენებით. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სიტუაციაში გვეშინია, ვშფოთავთ, ვღელავთ – საჯაროდ გამოსვლისას, პაემანზე წასვლისას, ფინანსური თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. შფოთვა ხშირ შემთხვევაში ადაპტური ემოციაა, რადგან მას დაცვითი ფუნქცია აქვს – საფრთხის დროს გვეხმარება მზადყოფნასა და ყურადღების მოკრებაში, მაგრამ ზოგჯერ ის სცილდება ნორმის ფარგლებს და ხელს გვიშლის ყოველდღიური საქმიანობების შესრულებასა და გარემოსთან ადაპტაციაში, გვიჭირს კონკრეტულ საქმეზე კონცენტრაცია, ურთიერთობები ახლობლებთან, უკიდურეს შემთხვევაში კი სახლიდან გასვლაზეც უარს ვამბობთ.
შფოთვა არის შიშის ნაირსახეობა, რომელიც გამოწვეულია წარმოსახული და არა ობიექტური საშიშროებით. შიში წარმოადგენს საფრთხეზე დაუყოვნებლივ რეაქციას, შფოთვა კი მუდმივი საფრთხის განცდაა, მაშინ როდესაც კონკრეტული მიზეზი არ გვაქვს. შფოთვა ხასიათდება მუდმივი უარყოფითი წინათგრძნობით მომავლის მიმართ, რასაც სდევს ქცევებისა და სხეულებრივი რეაქციების ერთობლიობა. შფოთვითი აშლილობები ფსიქიკური დარღვევების ისეთ ჯგუფს აერთიანებს, რომელიც შფოთვისა და შიშის ინტენსიურ განცდასთან არის დაკავშირებული. თუკი სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება და ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, აუცილებელია დროული და შესაბამისი დახმარების მოძიება.
შფოთვითი აშლილობების ჯგუფში შედის:
პანიკური აშლილობა
უცაბედი და განმეორებადი პანიკური შეტევები, რომლებიც ხასიათდება ძლიერი შიშითა და დისკომფორტით და პიკს აღწევს რამდენიმე წუთში. შეტევების დროს ადამიანს აქვს გარკვეული სხეულებრივი რეაქციები, როგორიცაა გახშირებული გულისცემა, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ხრჩობის განცდა. პანიკური შეტევის შემდეგ ადამიანს ახასიათებს მომავალი შეტევების ძლიერი შიში და ამაზე საპასუხოდ მცდელობა, მაქსიმალურად აირიდო ის სიტუაციები, რომლებიც იწვევენ პანიკურ შეტევებს.
ფობიური აშლილობები
სხვადასხვა სახის ფობიები, რომლებიც წარმოადგენს ირაციონალურ შიშს გარკვეული ობიექტისა და სიტუაციის მიმართ, აიძულებს ფობიის მქონე ადამიანს ძალიან დიდი ენერგიის გაღებას შემაშინებელი მოვლენის თავიდან ასარიდებლად.
სოციალური ფობია
ძლიერი შიში და შფოთვა ისეთი სოციალური სიტუაციების, სადაც ინდივიდი სხვისი დაკვირვების ქვეშ ექცევა. ადამიანს ეშინია, რომ მას უარყოფითად შეაფასებენ, განსჯიან ან დასცინებენ. შიში, როგორც წესი, რეალურ საფრთხეს არ უკავშირდება.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებული ქრონიკული და განმეორებადი წუხილი და ნერვიულობა, რომლის კონტროლიც ადამიანს ძალიან უჭირს.
განშორების შფოთვითი აშლილობა
ადამიანის წინააღმდეგობა დატოვოს სახლი, მშობელთან ან სხვა მზრუნველ ადამიანებთან განშორების ძლიერი შიშის გამო. ან სახლში მზრუნველის გარეშე დარჩენის შიში, სხვაგან დაძინების შიში. ასევე ხასიათდება განმეორებადი ღამის კოშმარებით განშორების თემაზე. განშორებით გამოწვეული შფოთვის დროს ადამიანები განიცდიან მშობლიური სახლის ან მათთვის მჭიდრო ემოციური კავშირის მქონე ახლობლებთან განშორების შიშს ან შფოთვას.
სელექციური მუტიზმი
მეტყველების უუანარობა გარკვეულ სოციალურ სიტუაციებში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს მეტყველების უნარი და არ არის დაკავშირებული განვითარების შეფერხებასთან, კომუნიკაციურ აშლილობასა ან თავის ტვინის ფიზიკურ დაზიანებასთან.
აღწერილი აშლილობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შფოთვის განცდის ხარისხის, სიმწვავის, სიღრმისა და გამომწვევი სიტუაციების მიხედვით. ის, რაც მათ აერთიანებს, არის ინტენსიური და გადაჭარბებული შფოთვა „მოსალოდნელი საფრთხის“ შესახებ.
შფოთვითი აშლილობა ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანის პრობლემა შეიძლება გახდეს, თუმცა რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
[checklist]
[/checklist]
შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც მსოფლიოში 264 მილიონ ადამიანს აქვს, რაც მთლიანი მოსახლეობის 3.6%-ს შეადგენს.
როგორ ამოვიცნოთ შფოთვითი აშლილობა?
ფიზიკური ნიშნები
გახშირებული და არასტაბილური გულისცემა; გახშირებული სუნთქვა; კუნთების უკიდურესი დაძაბულობა ან მოდუნება; ოფლიანობა; თავბრუსხვევა; გულისრევისა და პირღებინების შეგრძნება; პირის სიმშრალე.
ფსიქოლოგიური ნიშნები
პანიკა, შიში, მუდმივი ნერვიულობა; ძილის პრობლემები; კონცენტრაციის პრობლემები; გაღიზიანებადობა; დეპრესიულობა; თავდაჯერებულობის დაკარგვა. შფოთვის დროს შემდეგი სიმპტომები იჩენს თავს თანმიმდევრულად ორი კვირის განმავლობაში მაინც:
[checklist]
[/checklist]
[checklist]
[/checklist]
შფოთვა განკურნებადია და მისგან გათავისუფლებას მედიკამენტები არ სჭირდება.
შფოთვას ყველა განვიცდით, მთავარი კითხვა, რაც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ – მიშლის თუ არა შფოთვა ხელს ცხოვრებაში? თუკი შფოთვა ყოველდღიურ ცხოვრებას გირთულებთ და აღწერილი ტექნიკები საკმარისი არ არის სიმპტომებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია, დროულად მოიძიოთ პროფესიული დახმარება. შფოთვითი აშლილობის მკურნალობის მაღალი ეფექტურობის მქონე მეთოდია: კოგნიტური თერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია.
ამ და სხვა მომსახურების მიღება შეგიძლიათ შემდეგ სერვისებში:
ტექსტი მომზადებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის მიერ. იდეის ავტორები: ელენე ქორიძე; თამთა ჭელიძე.