ახალი ამბები

აღარ ვაპირებთ მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის ჩაბარებას – ანაკლიის კონსორციუმი

15 ოქტომბერი, 2019 • 2101
აღარ ვაპირებთ მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის ჩაბარებას – ანაკლიის კონსორციუმი

ანაკლიის კონსორციუმის დირექტორს, ლევან ახლვედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პორტის პროქტისთვის საჭირო მომავალი ნაბიჯები. ამ წერილის გარდა კი, დღეს მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ.

ახვლედიანის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ სამომავლო გეგმები არ წარუდგენიათ.

ამის შესახებ ახვლედიანმა დღეს, 15 ქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ხვალ, 16 ოქტომბერს კი გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ თვეების განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტი მთავრობის მხრიდან საბოტაჟის სამიზნე იყო. მისი თქმით, ეს ჩანდა იმაშიც, რომ ხელისუფლებამ კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი ინვესტორები არაერთხელ დაიწუნა.

“მე მინდა მოგიყვეთ ორ კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც მოხდა ბოლო 6 კვირის მანძილზე. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, ურთულეს ვითარებში გვიწევდა მუშაობა, თუმცა ჩვენ შევძელით, მოგვეძია ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით – ყაზახურ-ჰონკონგური ჯგუფი და ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი.

პირველ ინვესტორს ჩვენმა მთავრობამ შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან ისინი არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკელი ინვესტორები. ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია ინვესტორში და ჩვენში.

ამერიკული და ყაზახური ინვესტორები კი, თავის მხრივ, ითხოვნენ ერთადერთ რამეს – ღია მხარდამჭერას მთავრობის მხრიდან.  საინტერესო ისიცაა, რომ ჩვენ ყაზახურ ჯგუფთან ერთად მოვიყვანეთ ამერიკული ფონდიც, რომელმაც მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მონაწილეობას. ჩვენ დაგვპირდა მთავრობა ამ წერილს, მაგრამ ეს წერილი ადრესატამდე არასდროს მისულა“, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისი თქმით, ამ შემთხვევების გარდა, საბოტაჟის სხვა მრავალი ფაქტებიც იყო, მათ შორის ასახელებს მამუკა ხაზარიძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივ დევნას, ფოთის პორტის სასარგებლოდ გაცემული ნებართვას.

“კიდევ რისი თქმაც შემიძლია, არის შემდეგი – კულუარებში მთავრობამ დაინტერესებულ პირებთან არაერთხელ დააფიქსირა, რომ თურმე ანაკლია არ არის რენტაბელური ან კომერციულად გამართლებული. საჯაროდ იყო მხარდაჭერის გამომხატველი გამოსვლები,“ – ამბობს ახვლედიანი და ამატებს, რომ მიუხედავად ამისა, მათ მიერ მოძიებული ინვესტორები ჯერ კიდევ დაინტერესებული არიან პროექტით, მთავრობისგან თანხმობის შემთხვევაში.

ახვლედიანი განმარტავს, რომ თუ “ამ გზას დაადგება მთავრობა“, არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე  თუ საერთაშორისო საფინანსო ინვესტორი, ამ პროექტს აღარ გაეკარება და პროექტი, სავარაუდოდ, დიდი ხნით გაჩერდება.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს გონივრულ ზომებს… ჩვენც, კონსორციუმი, ვართ შეზღუდული კონფიდენციალობის პუნქტით, რომელიც ორივე მხარისთვის სავალდებულოა.

ჩვენ ხუთშაბათს გავაგზავნეთ ეს წერილი, რომელიც იურისტების მიერ იყო დაწერილი და მის შინაარსს ჯერჯერობით ვერ გავასაჯაროებთ, ვინაიდან ხელშეკრულების დარღვევას არ ვაპირებთ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ წერილში ზუსტად არის ღწერილი, თუ რა ქმედებებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავიდეს. ამიტომ, ჩვენ არ ვეთანხმებით დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იქ არაფერი წერია სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

დაბოლოს, ჩვენ აღარ ვაპირებთ დღეს არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას მოლაპარაკებისკენ. მაგრამ დღევანდელი, 12 საათის ბრიფინგით, ცალსახად დასტუდება, თუ რა გაწნყობა აქვთ მათ. იმის მაგივრად, რომ გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ ერთხელ ხდება პროექტის დაკნინება და ხელის შემშლელი პირობების წაყენება“, – აცხადებს ახვლედიანი.


15 ოქტომბერს იწურება ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და სასესხო ვალდებულდებების შესახებ პირველად საბუთებს წარუდგენს.

საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კონსორციუმმა “კონტი ჯგუფის” ჩამნაცვლებლად სამინისტროს ორი კომპანია წარუდგინა: “მერიდიანი” და “ვანორდი”.  კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ასევე ასახხელებს ამერიკულ ფონდსაც, რომელიც  ახვლედიანის თქმით, მზად არის პროეტი დააფინანსოს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, “მერიდიანის” საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას 29 ოქტომბრამდე მიიღებს.

როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში უთხრეს, “ვანორდი” პროექტში ყველაზე მცირე, დაახლოებით 5 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით შედის. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ დრომდე სასესხო ვალდებულდებების შესახებ დოკუმენტაცია კონსორციუმს არ წარუდგენია.

ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობას წარუდგინეს ხედვა, “ანუ როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ”.

სამინისტროსვე ინფორმაციით, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია კონსორციუმმა ვერ წარადგინა, მას ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის ვადა გაუგრძელდება, ან ხელშეკრულება შეწყდება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მიიღებს, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და მასში ეკონომიკური ბლოკის მინისტრები შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი