ახალი ამბები

რატომ არ ცვლის “ქართული ოცნება” “უსამართლო” საარჩევნო სისტემას

1 აპრილი, 2015 • • 2016
რატომ არ ცვლის “ქართული ოცნება” “უსამართლო” საარჩევნო სისტემას

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის 150 მანდატიდან 77 პროპორციული წესით აირჩევა, ანუ პარტიის თუ საარჩევნო ბლოკის მიერ წარმოდგენილი სიებით, ხოლო 73 -მაჟორიტარული წესით. დისკუსია იმის თაობაზე, რომ ეს სისტემა ხმის წონის თანაბრობას ვერ უზრუნველყოფს საქართველოში, უკვე წლებია მიმდინარეობს. მაგალითად, ყაზბეგშიც, სადაც სულ 5000 ამომრჩეველი ცხოვრობს, და ქუთაისშიც (160 ათასი) მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა. იურისტ ელენე ნიჟარაძის განმარტებით, საერთაშორის სტანდარტით ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მაქსიმალური განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს, საქართველოში კი ეს რიცხვი 3000%-ია.

 

ახალი საარჩევნო სისტემის ორი ვარიანტი

 

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოების ნაწილი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სპეციალური მემორანდუმი გააფორმეს, ხელისუფლების მონაწილეობით სპციალური ფორმატის შექმნას ითხოვენ, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე იმსჯელებს. ასევე ელიან, რომ საკითხზე მუშაობას საკონსტიტუციო კომისიაც დაიწყებს. დღეისათვის მოქმედი საარჩევნო სისტემის ორი ალტერნატიული იდეა არსებობს, ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციამ შეიმუშავა, ხოლო მეორე- არასამთავრობო ორგანიზაციებმა (საია, სამართლიანი არჩევნები, TI). ორივე ვარიანტი მაჟორატარული კომპონენტის გაუქმებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, თუმცა მათ შორის განსხვავებებიც არსებობს. მაგალითად, არასაპარლამენტო პარტიების შემოთავაზების მიხედვით, უნდა ჩამოყალიბდეს შერეული პროპორციული სისტემა, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება- საერთო და რეგიონული პროპორცია. მამუკა კაციტაძის განმარტებით, 100 საპარლამენტო მანდატი საერთო პროპორციული წესით აირჩევა, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის მიერ დასახელებულ სიას ეყრება კენჭი, ხოლო 50 მანდატი რეგიონულ-პროპორციულით. ამ სისტემით საქართველო დღეს მოქმედი 73 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად თბილისის ჩათვლით სულ 11 ოლქად დაიყოფა, საუბარია დიდ რეგიონებზე: კახეთზე, შიდა ქართლზე, აჭარაზე და ასე შემდეგ. პირობითად, თუ რეგიონულ-პროპორციული წესით სულ 75 დეპუტატი უნდა შეირჩეს, ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, ანუ 3,5 მილიონი გაიყოფა 75-ზე. გამოდის, რომ ერთი დეპუტატის წარდგენის უფლება დაახლოებით 46 000 ადამიანს ექნება. ამის შემდეგ თითოეულ ზემოხსენებულ ახალ საარჩევნო ოლქში მცხვორები საერთო ამომრჩევლების რაოდენობა გაიყოფა 46 ათასზე და ასე დადგინდება რამდენი მანდატი შეხვდება ამა თუ იმ რეგიონს:

 

“მანდატების რაოდენობა ზოგან ბევრი იქნება, ზოგან ნაკლები იმიტომ, რომ ამომრჩეველი ზოგან ბევრია, ზოგან ნაკლები და აი, ასე იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის ხმის წონის თანაბრობა, რაც დღეს დარღვეულია. ამის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ამომრჩევლის ხმის წონა დავიცავთ”, – ამბობს კაციტაძე.

 

ამ სისტემით, თითოეულ ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნებაზე ორი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს, ერთით მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახელებული პარტიული სიის, ხოლო მეორეთი უშუალოდ მის ოლქში პარტიის მიერ დასახელებულ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა სიას უყრის კენჭს.

 

რაც შეეხება არასამთავრობოების ვარიანტს, “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ისინი 150-ვე მანდატის რეგიონულ-პროპორციული სისტემით გადათამაშების ვარიანტს უჭერენ მხარს.

 

“საერთო პროპორციულზე პრობლემა ის არის, რომ ვინაიდან მაჟორიტარული კომპონენტი გაუქმდება, ამომრჩეველს და დეპუტატს შორის კავშირი გაწყდება. ერთიანი პროპორციული სისტემით შეიძლება ბევრი დეპუტატი გავიდეს თბილისიდან და არა რეგიონებიდან. რეგიონული პროპორციული სისტემის შემთხვევაში ეს უზრუნველყოფილია, რადგან რეგიონული წარმომადგენლობა არ იკარგება”, – ამბობს ნიჟარაძე.

 

მამუკა კაციტაძეც და ელენე ნიჟარაძეც ადასტურებენ, რომ ეს ვარიანტები საბოლოო არ არის და შესაძლოა ერთობლივ ხედვაზე შეჯერება, ოღონდ ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

 

საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში თუ რეკომენდაციაშია საუბარი, მათ შორის ბოლო ასეთი განაცხადი ევროკავშირის მიერ საქართველოს თაობაზე მომზადებულ პროგრესის ანგარიშშია გაკეთებული, სადაც ვკითხულობთ: “ჯერ არ დაწყებულა საარჩევნო სისტემის რეფორმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად”. საარჩევნო სისტემის საკითხზე კოალიცია “ქართული ოცნებაც” საუბრობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო: “საქართველოში მოქმედებს ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მცირერიცხოვანი მმართველი პოლიტიკური გუნდის ნების მორჩილი აღმსრულებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უსამართლო საარჩევნო სისტემა”, – წერდა კოალიცია თავის საარჩევნო დაპირებაში. 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მმართველმა გუნდმა გარკვეული საარჩევნო ცვლილებები განახორციელა, მათ შორის მერის საარჩევნო ბარიერი 50%-მდე ასწია და მერებისა და გამგებლების არჩევნების პირდაპირი წესი დააკანონა, თუმცა ჯერ არ შეუცვლია სისტემა, რომელსაც თვითონ უწოდებდა უსამართლოს.

 

“ოცნების” პასუხი

 

“ამას ახლაც ვადასტურებთ, კი, დაპირება იყო, მაგრამ თქვენ რომ დაპირდეთ ვინმეს, რომ იმედი გაქვთ, 150 კილოს ასწევთ… კარგად ვივარჯიშებ და ავწევო, რომ თქვათ და მერე რომ ვერ ასწიოთ იმიტომ, რომ ვიღაცის მიხმარება გჭირდებათ…”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე. კითხვაზე, რატომ დაპირდა კოალიცია ამომრჩეველს ისეთ რამეს, რისი შესრულებაც არ შეეძლო ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც კი, იგი პასუხობს:

 

“არჩევნებზე მიდიხარ და ამბობ, გპირდებით, ამას გავაკეთებ, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გავაკეთო, სათანადო მანდატი უნდა მომცეთ, თქვენ თუ არ მომეცით იმდენი მანდატი, რომელიც ამის გაკეთების შესაძლბელობას მაძლევს, მაშინ როგორ გავაკეთო?!” – ხმალაძე ამ განცხადებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილებები ესაჭირობა, რასაც თავის მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობა ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობას კი პარლამენტში ამდენი დეპუტატი არ ჰყავს.

 

თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციისა და NGO-ების მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა არა უმცირესობაში, არამედ უმრავლესობაშია. ამ საკითხზე ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემატური პარლამენტის მაჟორატარი დეპუტატების მხარდაჭერის საკითხი იქნება, რომლებმაც შესაძლოა არ მოინდომონ იმ წესის გაუქმება, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ. თვითონ ხმალაძე, რომელიც მაჟორიტარია, ამ წესის გაუქმებას მხარს უჭერს, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ზემოხსენებულ მემორანდუმს შეუერთდა. მაჟორიტარების პოზიციასთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრ ანი მიროტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაჟორიტარობა დეპუტატებისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. ამას იგი ქუთაისის მაჟორიტარ გუბაზ სანიკიძის მაგალითზე ამბობს, რომელსაც 150 ათასზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს.

 

“[სისტემის] გადახედვის საკითხი დღის წესრიგში დგას, მეც არ მომწონს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა წინადადება, თუ როგორი უნდა იყოს ის, არ გვაქვს”, – ამბობს მიროტაძე და დასძენს, რომ უმრავლესობაში შემავალი პარტიები ამ საკითხზე კოალიციურ რეჟიმში მსჯელობენ. მისი თქმით, გადაჭრით ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია.

 

“ხელისუფლება არათუ უარს ამბობს, ან თანხმობას აცხადებს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე, არამედ საერთოდ არაფერს ამბობს. ფანდია ასეთი, უარს არ ამბობს და პასუხის გაცემის გარეშე უნდა, რომ ფონს გავიდეს. როცა არჩევნები ახლოვდება ხოლმე, ამბობს, რომ ცოტა დრო დარჩა, ადაპტირებას ვეღარ ვასწრებთ და ცაიტნოტის მომიზეზებით არაფერს აღარ ცვლის”, – ეს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის სიტყვებია. მისი თქმით, ყოფილი “რვიანის” წევრებმა, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე საკუთარი პოზიციები შეიცვალეს.

 

ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ცვლილებებზე მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა მათი ასახვა კანონმდებლობაში სწრაფად განხორციელდეს და ცესკომ, ისევე როგორც საარჩევნო სუბიექტებმა ადაპტირება მოასწრონ. ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა იყოს მაჟორიტარული წესის დატოვება და ოლქების სხვანაირად დაყოფა, რათა ამომრჩევლის რაოდენობებს შორის დღეს არსებული დისბალანსი აღმოიფხვრას. თუმცა ელენე ნიჟარაძის თქმით, ოლქების ხელახალი ხელოვნური დაყოფა საკმაოდ რთული იქნება, რადგან ისინი გარკვეულ ისტორიულ სინამდვილეს ასახავენ. ასევე, ეს ვერ მოაგვარებს დღეს არსებული სისტემის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც მიღებული ხმებისა და მანდატების პროპორციულობას გულისხმობს. მამუკა კაციტაძის აზრით, სწორედ ამის გამო არ სურს არც ერთ ხელისუფლებას მოქმედი მაჟორიტარული წესის შეცვლა:

 

“რამდენ ხმასაც მიიღებს კონკრეტული პარტია თუ ბლოკი არჩევნებზე, მანდატების იმდენივე პროცენტი უნდა დაიკავოს საკანონმდებლო ორგანოში. “ოცნებამ” 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე თბილისში ხმების 44 პროცენტი მიიღო. 50-დეპუტატიან საკრებულოში ლოგიკურად ამ პროცენტით უნდა მიეღო 23 ადგილი. ამ დროს კოალიცია ქართულმა ოცნებამ დაიკავა 37 მანდატი, რაც  ხმების 75 პროცენტს ნიშნავს. სწორედ მაჟორირატარული სისტემის გამო მოხდა ეს. [პროპორციული წესით მიღებულ მანდატებს მაჟორიტარებიც დაემტანენ] რეალურად სისტემამ ხელისუფლებას 30 პროცენტი მოაპარინა”, – ამბობს კაციტაძე.

 

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მაჟორიტარული წესის გაუქმებას არ ითხოვს. კაციტაძის განმარტებით, ეს უკავშირდება საპარლამენტო და თვითმმართველობის კომპეტენციების განსხვავებულ სპეციფიკას, რადგან საკრებულოს წევრს ამომრჩევლის უშუალო ყოფით პრობლემებთან უწევს შეხება, როგორიც ტრანსპორტი, კანილიზაცია და სხვა მსგავსი საკითხებია.


ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის არჩევნებზე/ქართული ოცნების პრესსამსახურის ფოტო
ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის არჩევნებზე/ქართული ოცნების პრესსამსახურის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი