უგანდაში ჰომოსექსუალთა სიკვდილით დასასჯელად კანონის მიღებას გეგმავენ 

უგანდის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აპირებს პარლამენტს წარუდგინოს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალიზმისთვის სიკვდილით დასჯას შემოიღებს. ამის შესახებ გამოცემა „Reuters“ იტყობინება.

კანონპროექტი, რომელიც ცნობილი იყო „გეების მოკვლის“ კანონის სახელით, ხუთი წლის წინ უკვე გაიტანეს კენჭისყრაზე, მაგრამ მაშინ ხმების ⅔ ვერ მოაგროვა და ჩავარდა.

„ჰომოსექსუალობა უგანდელებისთვის არ არის ბუნებრივი, თუმცა გეების მიერ ტარდება მასობრივი პროპაგანდა სკოლებში, განსაკუთრებით კი- ახალგაზრდებში. ისინი ავრცელებენ ტყუილს, რომ ადამიანები ასეთები იბადებიან“, – განაცხადა უგანდის ეთიკისა და ინტეგრაციის მინისტრმა სიმონ ლოკოდომ.

მინისტრმა აგრეთვე დაამატა, რომ ამჟამინდელი სასჯელი არაა საკმარისი – „ჩვენი ახლანდელი კანონი შეზღუდულია. ის მხოლოდ აქტის კრიმინალიზებას ითვალისწინებს. გვუსრს ნათელი გავხადოთ, რომ ყველა, ვინც თუნდაც ამ ყველაფრის გავრცელებაშია ჩართული, პასუგისგებაში მიეცემიან. ისინი, ვინც ასეთ რაღაცებს სჩადიან, სიკვდილით დაისჯებიან“.

მინისტრ ლოკოდოს განცხადებით, კანონის შემოღებას მხარს უჭერს რესპუბლიკის პრეზიდენტი იოვერი მუსევენი და პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა.

უგანდის მსგავსად, სხვა აფრიკული ქვეყნების უმრავლესობაშიც ჰომოსექსუალიზმი ისჯება. ერთსქესიანთა ურთიერთობები ტაბუდადებული თემაა, ხოლო ერთსქესიანი ინტიმური კავშირი ისჯება – დაწყებული პატიმრობით და დამთავრებული სიკვდილით.