პროკურატურა: ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა

საგამოძიებო ჯგუფი დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.

 

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფმა გამოძიება სისხლის სამართლის 19, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, ვინაიდან ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას. 

 

პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.

 

პროკურატურა საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის შესახებ გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, პროკურატურას ცხელ ხაზზე – 2 40 52 22 დაუკავშირდეს. კონფიდენციალურობა დაცული იქნება. 

 

პროკურატურის განცხადებით, ისინი გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ინფორმაციას პერიოდულად მიაწოდებენ.

 

ბესარიონ ხარძიანს 28 მარტს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.