დედაქალაქის მერმა და ვიცემერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის ზღვაში დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებზე ისაუბრეს.
კალაძემ ამ თემაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აღნიშნულ პრობლემაზე სიუჟეტი “თავისუფლების მონიტორმა” მოამზადა:
“პირველ რიგში, აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს, რომ სასმელი წყალი, რომელიც მოხსახლეობას მიეწოდება კონტროლდება მუდმივად. GWP იღებს სინჯებს და ხდება მისი ლაბორატორიული შემოწმება. მას არანაირი პრობლემა არ აქვს და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. თუმცა ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები მიწისქვეშა კომუნიკაციების უკანონოდ დაერთებასთან დაკავშირებით, რაც ხილული არ არის და საკმაოდ რთულია დასადგენად.
აქედან გმაომდინარე, გარკვეულ პერიოდში ვერ მოხდა ასეთი ფაქტების გამოვლენა. თუმცა ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშოები და თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა გაშიშვლდება და შევხედავთ, სად რა არის დაერთებული. დღეს უკვე მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, სადაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაერთებას. რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, იმ ფაქტობრივი დარღვევის აღმოფხვრა მოხდება მყისიერად, ხოლო სამართლებრივი წარმოება დაიწყება ძალიან მძიმე იმ პირების მიმართ, ვისაც ეს უკანონო ჭრები აქვთ დაერთებული”. – ამბობს ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.
“თავისუფლების მონიტორის” მიხედვით, თბილისის ზღვაში, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება, კანალიზაცია ჩაედინება. საგამოძიებო სიუჟეტში საუბარია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაზე, სადაც მითითებულია კონკრეტული ადგილები, საიდანაც წყლის სინჯები აიღეს, მათ შორის “ჯინო პარადაიზი” და იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია.
სიუჟეტში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე აცხადებს, რომ ზოგიერთ სინჯში აღინიშნება ზოგიერთი ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრის ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბება.
ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული გადაჭარბება ადასტურებს თუ არა, რომ ამ ტერიტორიაზე ფეკალიები ჩაედინება, არაბიძე პასუხობს: “გარკვეული მიკრობიოლოგიური პარამეტრია, დიახ, ერთ-ერთი ეს მაჩვენებელი”.
“თავისუფლებსი მონიტორის”ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული დარღვევის შესახებ მერიას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა სცოდნოდა.
ამავე სიუჟეტში სტუდიას GWP-ს წერილიც აქვს წარმოდგენილი. კომპანიაში ამბობენ, რომ სასმელი წყლის აღება სხვა ადგილიდან ხდება, კერძოდ, ღრმაღელის საფილტრე სადგურის მიმდებარედ, რომელიც სანიტარული ზონებითაა დაცული. აღებული ნედლი წყალი კი, კომპანიის თქმით, ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს გადის.
დედაქლაქის მერმა ზედამხედველობის სამსახურს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.