დაზარალებულის სტატუსი არც თამარ ბაღაშვილს აქვს

პროკურატურას 20/21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ჯერ არც ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი უცვნია, რომელსაც რეზინის ტყვია თავსა და მკლავის არეში მოხვდა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს თავად ბაღაშვილმა განუცხადა. ბაღაშვილი ამბობს, რომ ეს არ უკვირს, რადგან როგორც გაიგო, დაზარალებულის სტატუსი მას კი არა, მაკო გაომურს არ აქვს, რომელმაც დარბევისას თვალი დაკარგა. ბაღაშვილის თქმით, სასამართლოს გზით შეეცდება თავისი უფლებების დაცვას.

20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციით თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად ცნეს 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე.

დაზარალებულებს შორის ჯერჯერობით არ არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი უცვნიათ.

20/21 ივნისის მოვლენებიდან 3 თვეზეა მეტია გასული.

“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – ამბობს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც აქციის დარბევისას შს მინისტრი იყო.