“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.
“შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში აღნიშნულია 1998 წელი, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე. არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას წარმოიშვა. თადუმაძის განმარტებით, იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნულ უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები “ორი მილიარდერის” – ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის – ოჯახებს ემსახურებოდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არც მთავრობის ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაცია არ მიაწოდა. შალვა თადუმაძის დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის დამტკიცებას განიხილავდა, და არც ადვოკატთა ასოციაციაში.
საბოლოოდ, თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოახერხა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძე „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ სწავლობდა, რომელიც 1999 წელს დაამთავრა და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძეს დამთავრებული აქვს „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, სწავლების პერიოდი კი 1994-1998 წლებს მოიცავს. თავად თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ სასწავლებელში 1994 წლიდან სწავლობდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უზენაეს სასამართლოში მისი უვადოდ განწესება, შემდგომ კი- თავმჯდომარედ არჩევა. შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას დაადასტურა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას განიხილავს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომის ნამდვილობა არსებული მდგომარეობით ეჭვქვეშ დარჩება, რაც მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს.