რატომ არ სურს კიევს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა – უკრაინის მინისტრი

უკრაინის ინფრასტურქტურის მინისტრის, ვლადისლავ კრიკლის თქმით, “ალბათ, სუიციდური განწყობა უნდა გქონდეს“, რომ დღევანდელი სიტუაციის ფონზე რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენა შესთავაზო. ამ რეპლიკით მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთთან ავიაურთიერთობების აღდგენა ჯერ მოსალოდნელი არ არის,

“სანამ ეს ქვეყანა [რუსეთი] აგრესორად რჩება, ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ და არ გვინდა MH17-ის განმეორება . ეს უბრალოდ საფრთხის შემცველია უკრაინელებისთვის. მგონია, რომ რაღაც სუიციდური განწყობა უნდა გქონდეს, რომ შესთავაზო ამგვარი ავიაურთიერთობების აღდგენა“, – ამბობს ვლადისლავ კრიკლი ЭП-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ურთიერთობა აღდგება, ეს იქნება უკრაინის მხრიდან მსოფლიოსთვის მესიჯი, “რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, არანაირი პრობლემა ჩვენ მათთან არ გვაქვს“. სწორედ ამიტომ, მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ინფრასტურქტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ ემელიანი რუსეთთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. კრიკლი ამ წინადადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ დგას.

“როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო რეისები ერთ-ერთია, რომლებსაც მოგების მოტანა შეუძლიათ. ამასთანავე, ჩვენ ისედაც მცირე სარკინიგზოკავშირი გვაქვს. სარკინიგზო მიმოსვლის დაბლოკვით ჩვენ უფრო მეტ ბერკეტს შევუქმნით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო იქ მგზავრობა მაინც უწევთ. ასეთ შემთხვევაში კი ისინი ბელორუსის გავლით ივლიან. ჩვენ ისედაც კარგი გარემო შევუქმენით ბელორუსის ეკონომიკას“, – განმარტავს კრიკლი და ამატებს, რომ სარკინიგზო კავშირი რუსეთთან ავიამიმოსვლის მსგავს საფრთხეებს არ შეიცავს.

გარეკანი ფოტო: EPRAVDA