ბოლოს და ბოლოს, ომიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა შეწყვიტეს იმ ფაქტის მალვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. აფხაზეთის მთავრობა მზადაა, მისცეს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტები, რაც მათ აფხაზეთში ცხოვრების უფლებას მისცემს.
მე ამას რევოლუციურ ცვლილებებს ვუწოდებდი, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – კახი კალაძის ენგურჰესზე ვიზიტი.
“ეხო კავკაზამ” 25 თებერვალს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონში მცხოვრებმა 5 ათასმა ადამიანმა განაცხადა, რომ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა! ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ეს წარმოუდგენელი იყო: გალელების უმრავლესობა გამიზნულად მალავდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ამ დოკუმენტს ზუგდიდშიც კი ტოვებდნენ), რომ არ გამოეჭირათ ტყუილში აფხაზური პასპორტის მიღების დროს – როცა თითქოს უარს ამბობდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე. ისინი, ვინც აფხაზურ მოქალაქეობას არ იღებდნენ, მაინც მალავდნენ საქართველოს მოქალაქეობას და ენგურის გამშვებ პუნქტზე ძველი, საბჭოთა პასპორტებით, ფორმა #9-ითა და ადგილობრივი ნებართვებით გადადიოდნენ.
დღეს, ჩემი ინფორმაციით, უკვე 12 ათასზე მეტი ადამიანია ისეთი, ვინც საქართველოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადა გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც გალის რაიონში მიმდინარე წლის თებერვლიდან ტარდება და 25 მარტს დასრულდება. გალელებს აშინებთ ყოველგვარი გამოკითხვები (მაშინვე ვრცელდება საშინელი ჭორები მოსალოდნელი მასობრივი დეპორტაციის შესახებ), მაგრამ აშკარაა, რომ სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა შეძლეს აეხსნათ ხალხისთვის, რომ მთელი რეფორმის მიზანია – ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ უფრო მეტად ცივილიზებული გახდეს პროცესი.
უცხოეთის მოქალაქეების შესახებ კანონი, რომელიც ცხოვრების უფლების წესის შემოღებას ითვალისწინებს, მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული და მისი შემდგომი განხილვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. რამდენადაც ვიცი, არის ტექნიკური სირთულეები თავად დოკუმენტის შემუშავების კუთხით, რის გადაჭრასაც მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს.
რეფორმა ბევრ ცვლილებას გულისმობს. მაგალითად, გალელებს აღარ გაიწვევენ სამხედრო სამსახურში (მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს შესთავაზებენ ალტერნატიულ სამსახურს). ცხოვრების უფლების მინიჭება იძლევა ქონებასთან, ფირმის და საწარმოს გახსნასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას. სწორედ ამის გამო ცდილობდა ბევრი გალელი აფხაზური პასპორტის მიღებას სხვადასხვა გზით (ბევრმა, სხვათა შორის, ის მაინც ვერ მიიღო).
ახალი დოკუმენტები იძლევა ენგურზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლებას. კანონში წინ გადადგმული ნორმაცაა, რომლითაც იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ცხოვრების უფლება, შეუძლიათ ხმის მიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
როგორც ვიცი, ქართველი ჟურნალისტების ყურადღება სხვა საკანონმდებლო ცვლილებებმა მიიპყრო, რომელიც ეხება სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ აქტებს. კერძოდ, საუბარია დეპუტატების ნაწილის წინადადებაზე, რომ გაიოლდეს აფხაზური ეროვნების აღდგენის პროცედურა. ცვლილებები ჯერ მიღებული არ არის და თუ გავითვალისწინებთ რაულ ხაჯიმბას ბოლო განცხადებებს, ამ სახით მათი მიღება არც მოხდება, მაგრამ ზოგიერთმა ავტორმა საქართველოში უკვე დაიწყო აფხაზების გაკიცხვა, რომლებიც ცდილობენ ქართველების აფხაზებად აღწერას, რათა მოხდეს მათი ასიმილაცია.
ეს ძალიან უცნაური ფორმულირებაა. თუკი აფხაზურ ფორუმებს, პრესას წავიკითხავთ და პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებებს ამ თემაზე, ნათელი გახდება, რომ სწორედ აფხაზური საზოგადოებაა ძირითადად ასეთი აღწერის წინააღმდეგი: ღრმა უნდობლობა გალელებისადმი, თუნდაც ისინი ატარებდნენ ქეცბაიას ან ტარბაიას გვარს, საზოგადოებაში შენარჩუნებულია – მათ მიიჩნევენ მეგრელებად, თუნდაც მათი წინაპრები ყოფილიყვნენ აფხაზები. ყველას ესმის, რომ ეროვნება განისაზღვრება არა გვარით, არამედ – თვითშეგნებით. ბოლოს და ბოლოს, არიან აფხაზებიც, რომლებსაც სუფთა ქართული გვარები აქვთ.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი აფხაზეთში აღქმული იქნა როგორც დეპუტატებს შორის წინა პრეზიდენტის მომხრეების მცდელობა, რომ დააბრუნონ გალელები პოლიტიკურ ველზე – მისცენ მათ პასპორტები უკვე იმის საფუძველზე, რომ ისინი ეთნიკური აფხაზები არიან (ამ შემთხვევაში კი, აღარ მოითხოვება წინა მოქალაქეობაზე უარის თქმა), რათა მათ შეეძლოთ ხმის მიცემა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. გალის ელექტორატის ამგვარი გამოყენების წინააღმდეგ გამოდიოდა სწორედ ათასობით ადამიანი სოხუმის ქუჩებში გასულ წელს.
ცხადია, აფხაზეთში საუბრობენ რესპუბლიკის ცხოვრებაში გალელების ინტეგრაციის აუცილებლობაზე, მაგრამ მათ ასიმილაციას არავინ ითხოვს დაჟინებით (ზოგიერთი მგზნებარე ბლოგერის გარდა). და მაშინაც კი, როცა ხაჯიმბა ამბობს, რომ ბავშვებს გალში უნდა შეუდგინონ ახალი სახელმძღვანელოები, ეს არის არა აქტიური პოლიტიკის გატარების მცდელობა, არამედ რეაქცია იმაზე, თუ როგორი სიტუაციაა ფაქტობრივად ახლა. ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება მან კიდევ თქვას, თუკი გალელი ბავშვები სწავლობენ ქართული სახელმძღვანელოებით, რომლებშიც “რუსული დათვი” წყვეტს აფხაზეთს საქართველოდან.
ცხადია, ქართულ მოსახლეობას გალის რაიონში უამრავი პრობლემა აქვს და მათ მოგვარებას სულაც არ ცდილობს აფხაზეთის მთავრობა. პირიქით, ზოგიერთ მათგანს თავად ქმნიან ხოლმე. მაგალითად, გალის რაიონის ქვედა ზონაში გადასასვლელის დახურვის იდეა კი არ მოკვდა, არამედ გადაიდო იმ დრომდე, სანამ კარგი გზა აშენდება გალამდე.
მაგრამ თუკი ამ კონკრეტული საპასპორტო რეფორმის მიმდინარეობისას შეწყვეტენ პოლიტიკურ თამაშებში გალელების გამოყენებას, ასევე, მათ დადანაშაულებას ყველა აფხაზური არჩევნების შემდგომ დატრიალებულ უბედურებაში, მისცემენ მათ იმის საშუალებას, რომ არ დამალონ საქართველოს მოქალაქეობა, უზრუნველყოფენ მათ ყველა სოციალური და ეკონომიკური უფლებით – ნუთუ, ეს ცოტაა? დაე, რაღაც მაინც შემსუბუქდეს და გამარტივდეს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |